ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას ნიშნავს რუსული რუბლის დაცემა ომის ეკონომიკისთვის?


რუსული რუბლი ბოლო თვეებში განუხრელად უფასურდებოდა და ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ამ ვარდნის შეჩერების მცდელობა დაიწყო.

საკვანძო ფაქტორები, რაც რუბლის გაუფასურებას იწვევს, შემდეგია:

რუსეთი საზღვარგარეთ ნაკლებ საქონელს ყიდის. ნავთობის და ბუნებრივი გაზის გაყიდვით შემოსავალი შემცირდა და იმპორტი კი გაიზარდა. იმპორტიორები უცხოურ ვალუტას რუბლით ყიდულობენ და ეს რუბლის კურსს დაბლა სწევს.

რუსეთის დადებითი სავაჭრო სალდო იკუმშება. ადრე მას დიდი სავაჭრო სალდო ჰქონდა, რაც ერონულ ვალუტას ეხმარებოდა. ნავთობზე ფასები დაეცა და სანქციების გამო გაყიდვები შეიზღუდა.

იმავდროულად, იმპორტმა ზრდა დაიწყო, რადგან რუსებმა სანქციების გვერდის ავლის გზები გამოძებნეს და ვაჭრობა აზიის ქვეყნებზე გადართეს. იმპორტიორები საქონლის გადასაზიდად მეზობელ სომხეთს, საქართველოსა და ყაზახეთს იყენებენ.

ამასთან ერთად, რუსეთმა გაზარდა სამხედრო ხარჯები და ფული იარაღის მწარმოებელი კომპანიებისკენ მიმართა. კომპანიებმა უნდა მოახდინონ სათადარიგო ნაწილების და ნედლი მასალების იმპორტი. ამის გამო სახელმწიფოს ფულის ნაწილი გადადის მათ ჯიბეში, ვინც იმპორტირებულ საქონელს ყიდულობს.

მთავრობის ხარჯვა და ასევე ინდოეთის და ჩინეთის მზადყოფნა, რუსული ნავთობი შეიძინონ, ეკონომიკას საშუალებას აძლევს უკეთეს მდგომარეობაში იყოს, ვიდრე ამას ბევრი მოელოდა. გასულ თვეში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ წელს რუსეთის ეკონომიკის 1.5 პროცენტიან ზრდას ელის.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდა, პირველ რიგში ინფლაციასთან საბრძოლველად არის გამიზნული.

გაუფასურებული რუბლი, რუსული ვალუტით იმპორტის გაძვირების გამო ინფლაციას ამძიმებს და სულ უფრო მეტად აისახება სამომხმარებლო ფასებზე. გასულ სამ თვეში ინფლაციამ 7.6 პროცენტიან ნიშნულს მიაღწია.

ზოგიერთი ფინანსური ექსპერტი ამბობს, რომ გაუფასურებული რუბლი სინამდვილეში მთავრობის ბიუჯეტს დაეხმარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობის და სხვა საქონლის გაყიდვით მიღებულ თითოეული დოლარიდან, ბიუჯეტში მეტი რუბლი შევიდა. ასეთი ვითარება მთავრობას სამხედრო და სოციალურ პროგრამებზე ხარჯვის გაზრდის და მოსახლეობაზე სანქციების გავლენის შერბილების საშუალებას აძლევს.

რუბლის გაუფასურებით გამოწვეულმა ინფლაციამ მოსახლეობის დაბალ-შემოსავლიან ნაწილს დაარტყა, რადგან ისინი მეტს ხარჯავენ ისეთ აუცილებელ საჭიროებებზე, როგორიც სურსათია.

ექსპერტები ამბობენ, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთი შეარბილებს ეკონომიკის ზრდას და ფასებზე წნეხს გარკვეულად შეამცირებს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მთავრობამ სამხედრო ხარჯვაზე უარი თქვას.

XS
SM
MD
LG