ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი ამერიკის მიერ არქტიკული მილსადენის სანქცირებას მიუღებლად მიიჩნევს


ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის არქტიკული გათხევადებული გაზის პროექტის მოქმედებისთვის ხელის შეშლას, მიუღებელია და ძირს უთხრის გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას - ეს განცხადება ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გააკეთა.

პროექტი, რომელიც არქტიკაში, გიდანის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, რუსეთისთვის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია იმ გეგმაში, რომ სამომავლოდ გლობალურ ბაზარზე თხევადი ბუნებრივი გაზის საკუთარი წილი გაზარდოს. დღეს რუსეთს გათხევადებული ბუნებრივი აირის ბაზარზე 8 პროცენტიანი წილი აქვს. 2030-2035 წლებში კი კრემლს ამ მონაცემის 50 პროცენტამდე გაზრდა სურს.

დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ფართომასშტაბიანი სანქციები 2022 წლის თებერვლის შემდეგ დაუწესეს, მას მერე, რაც რუსეთის ჯარი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა.

ვაშინგტონმა „არქტიკ ელ-ენ-ჯი 2-ის“ წინააღმდეგ სანქციები ნოემბერში გამოაცხადა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი ქმედებები მიუღებელია, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ საერთაშორისო კომერციულ პროექტებთან დაკავშირებით, როგორიცაა „არქტიკ ელ-ენ-ჯი 2“, რომელიც გავლენას ახდენს მრავალი სახელმწიფოს ენერგეტიკულ ბალანსზე“, - განაცხადა სპიკერმა მარია ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე.

ზახაროვამ ასევე თქვა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა, მათ შორის თხევადი ბუნებრივი აირის პროექტში, გაგრძელდება.

რუსეთი საზღვაო გათხევადებული ბუნებრივი აირის მოპოვების მხრივ სიდიდით მეოთხე მწარმოებელია შეერთებული შტატების, ყატარისა და ავსტრალიის შემდეგ.

გაზეთმა „კომერსანტმა“ ორშაბათს გამოქვეყნებულ სტატიაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასავლელმა ინვესტორებმა სანქციების გამო რუსულ არქტიკულ პროექტში მონაწილეობა შეაჩერეს და უარი თქვეს ახალი ქარხნის დაფინანსებაზე.

XS
SM
MD
LG