ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფეისბუქის" ახალი პლატფორმა "მეტავერსი" ევროპაში 10 000 ადამიანს დაასაქმებს


კომპანია "ფეისბუქი" აცხადებს, რომ მუშაობს სრულიად ახალ კომპიუტერულ პლატფორმაზე, სახელად "მეტავერსი". ტექნოლოგიური გიგანტი მის პრეზენტაციას ევროპაში გეგმავს და ამისთვის მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ევროპის კავშირიდან 10 000 ადამიანს დაიქირავებს. "უმაღლესი დონის ინჟინრების" დასაქმებას კომპანია ძირითადად გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან და ირლანდიიდან გეგმავს.

"მეტავერსი" ვირტუალური სამყაროა, სადაც ადამიანები ერთობლივად იმუშავებენ, ითამაშებენ და ერთმანეთთან იკონტაქტებენ. მასიურ ონლაინ სივრცეს ავატარების მეშვეობით ერთდროულად მილიონობით ადამიანი გამოიყენებს. იქ შესაძლებელი იქნება არამარტო ვირტუალური შეხვედრების მოწყობა, არამედ, კრიპტოვალუტით თამაშის გზით, ვირტუალური კუნძულის ან სხვა ციფრული ქონების შეძენა.

"ფეისბუქის" რეპუტაციიდან გამომდინარე, კრიტიკოსები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ პლატფორმამ შესაძლოა ადამიანთა ონლაინ ცხოვრებაზე კიდევ უფრო მეტი კონტროლი მოიპოვოს. ისინი პირადი ინფორმაციის დაცვის პრობლემების გაღრმავებასაც მოელიან.

"ფეისბუქმა" აღნიშნული ინფორმაცია კვირას გამოქვეყნებულ ბლოგში გაავრცელა. კომპანიაში თვლიან, რომ მათი ფუტურისტული წამოწყება შემდეგი დიდი მიმართულება იქნება ტექნოლოგიების განვითარებაში, მობილური ინტერნეტის გავრცელების შემდეგ. "ფეისბუქის" ხელმძღვანელების თქმით, ახალი საკომუნიკაციო სივრცე ხელს შეუწყობს ადამიანთა შემოქმედებითი, სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას.

თუმცა, "ფეისბუქი" ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანია არ არის, რომელიც მსგავსი პლატფორმის შექმნაზე მუშაობს. მაგალითად, კომპანია "ეპიკური თამაშები" ამბობს, რომ "მეტავერსის" შექმნისთვის უკვე მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდი შექმნა.

"მეტავერსის" პროდუქტების განვითარებაში "ფეისბუქმა" 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რომლითაც საწყის ეტაპზე გლობალურ კვლევებს დააფინანსებს. ამისთვის ის შექმნის პარტნიორულ კავშირებს უფლებადამცველ ჯგუფებთან, უნივერსიტეტებთან, მთავრობებთან თუ არასამთავრობოებთან. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი პლატფორმისთვის პროდუქციის "სრულად შექმნას" შესაძლოა 10-დან 15 წლამდე დრო დასჭირდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG