ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდური ავიაკომპანიის თვითმფრინავი რუსეთში ავარიულად დაეშვა


არქივი
არქივი

„ეარ ინდიის“ რეისი, რომელიც რეისს ინდოეთიდან ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით ასრულებდა, რუსეთში ავარიულად დაეშვა. კომპანია განმარტავს, რომ თვითმფრინავს ძრავის პრობლემები ჰქონდა რის გამოც რუსეთის მაგადანის აეროპორტში დაჯდომა აუცილებელი გახდა.

ბორტზე 216 მგზავრი და ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფებოდნენ, რომელთაც საფრთხე არ ემუქრებათ. ინდური ავიაკომპანია განმარტავს, რომ უახლოეს საათებში ახალი ფრენა შედგება, რომელიც მგზავრებს სან-ფრანცისკოს მიმართულებით გადაიყვანს.

რუსეთში ავიაკომპანიას ოფისი არ აქვს, რის გამოც მგზავრებს და ეკიპაჟის წევრებს დახმარება საკონსულოს თანამშრომლებმა აღმოუჩინეს. სავარაუდოდ, რეისზე ინდოეთი-აშშ, ამერიკის მოქალაქეებიც იმყოფებიან. სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ პროცესს ყურადღებით აკვირდებიან.

„სავარაუდოა, რომ ბორტზე ამერიკის მოქალაქეები იმყოფებიან,“- ამბობს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი და განმარტავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ვაშინგტონი საჭირო ნაბიჯებს გადადგამს, წერს "სი-ენ-ენი".

მას შემდეგ რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, დასავლეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო რუსეთმაც. მოსკოვი დასავლური კომპანიების ნაწილს რუსეთის საჰაერო სივრცეში ფრენის უფლებას არ აძლევს. მიღებულმა გადაწყვეტილებამ ფრენების დრო და მარშრუტები გაზარდა, გარკვეული მიმართულებებით კი ავიაკომპანიებმა ფრენები შეაჩერეს. მაგალითად ამერიკული „იუნაითედ ეარლაინსი“ ამბობს, რომ ინდოეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერა, მიზეზი უსაფრთხოებაა.

"ამას დიდი გავლენა აქვს ჩვენზე",- ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი სკოტ კირბი.

ამ დროისთვის რუსეთის საჰაერო სივრცეს ინდური და ჩინური კომპანიები თავისუფლად იყენებენ, დასავლური ავიაკომპანიები ამბობენ, რომ ეს არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. რუსეთის საჰაერო სივრცეს არ იყენებს იაპონური ავიაკომპანიებიც.

ბრიუსელში დაფუძნებული საჰაერო მოძრაობის კონტროლის ორგანო „ევროკონტროლი“ ამბობს, რომ ევროპასა და აზიას შორის ერთი რეისის შესასრულებლად ამ ეტაპზე სამი რეისის დანიშვნას აუცილებლობას განაპირობებს, რათა მგზავრების ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა შესაძლებელი გახდეს. ეს ზრდის მგზავრობის დროს და ხარჯს. ჩინური და ინდური ავიაკომპანიები კი პირდაპირ რეისებს ასრულებენ ევროპისა და ამერიკის მიმართულებით.

დასავლური კომპანიების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს და ამ კომპანიებს არ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ევროპისა და ამერიკის მიმართულებით ფრენები რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენებით შეასრულონ. „ეარ ინდია“, რომელიც ამერიკული წარმოების თვითმფრინავებს იყენებს, ამბობს, რომ კომპანია ინდოეთის მთავრობის მონაცემებით ხელმძღვანელობს.

„ჩვენ ვმუშაობთ იმის მიხედვით, რა ინფორმაციაც ინდოეთის მთავრობამ მოგვაწოდა, შესაძლებელია, რომ ყველა ამას არ ეთანხმებოდეს“, - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კემპბელ უილსონი.

საკითხი გლობალური ინდუსტრიის შეხვედრაზე განიხილეს, თუმცა ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ეს ჩინური და ინდური ავიაკომპანიებს მისცემს საშუალებას საავიაციო ბაზარზე პოზიციები გაიმყარონ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG