კრემლი მიიჩნევს, რომ მოსკოვსა და დასავლეთს შორის არსებული უნდობლობის გამო, ბირთვული განიარაღება დღის წესრიგში აღარ დგას. ცივი ომის დროს შექმნილი უზარმაზარი ბირთვული არსენალის კონტროლის საკითხი ახლა უკვე წარსულს ჩაბარდა. ეს განცხადება 18 დეკემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა გააკეთა.
მომხდარში გერასიმოვმა ცალმხრივად დასავლეთი დაადანაშაულა. „მთლიანობაში, იარაღის კონტროლის თემა წარსულში დარჩა, რადგან ნდობის მინიმალურ დონეზე დაბრუნება დღეს შეუძლებელია დასავლეთის ორმაგი სტანდარტების გამო“, - თქვა რუსეთის გენშტაბის უფროსმა თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად.
„ნდობის გარეშე შეუძლებელია ურთიერთკონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შექმნა“, – განაცხადა გენერალმა და დასძინა: „ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ადეკვატური რეაგირების ზომებზე ფიქრი“.
რუსეთის გენშტაბის უფროსის თქმით, რუსეთი მოწმეა იმის, რომ მის საზღვრებთან იზრდება ნატოს სამხედრო აქტივობა. "მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას გასულ თვეში შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტებით შეუტია, ამერიკა უკრაინის კონფლიქტის უშუალე მონაწილე გახდა", - დასძინა გენერალმა გერასიმოვმა.
მან შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოში კონფლიქტების გაღვივებაში და ბირთვული განიარაღების საკითხებზე შექმნილი მთავარი შეთანხმების ჩაშლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, რუსეთი საპასუხოდ განავითარებს კავშირებს ჩინეთთან, ინდოეთთან, ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ვენესუელასთან.
გერასიმოვი ასევე აცხადებს, რომ შეერთებული შტატების რაკეტების განლაგება ევროპასა და აზიაში იწვევს "კონკურენციას სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების" მიმართულებით. ამას გარდა, რუსეთისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფილიპინებზე ამერიკის ძალების გაძლიერება, აცხადებს რუსეთის გენშტაბის უფროსი.
"ახალი სტარტის" ხელშეკრულება
სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალ შეთანხმებას, რომელსაც "ახალი სტარტი" (START) უწოდეს, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2010 წელს მოაწერა ხელი და ის ძალაში 2011 წლის თებერვლიდან შევიდა. ეს 10-წლიანი პაქტი იყო, რომელიც რუსეთსა და შეერთებულ შტატებს ავალდებულებდა, რეგულარული კომუნიკაცია ჰქონოდათ მათი ბირთვული არსენალის სტატუსთან დაკავშირებით, რეგულარულად ჩატარებულიყო ინსპექციები ადგილზე და დაწესებულიყო ზღვრული ნორმები ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით.
შეთანხმებით ასევე განსაზღვრულია, რომ ბირთვული ქობინების რაოდენობა 2 200-დან 1 550-მდე უნდა შემცირდეს. ამას გარდა, ქვეყნებმა უნდა შეამცირონ რაკეტმზიდების და სტრატეგიული ბომბდამშენების რაოდენობაც.
2019 წელს ვაშინგტონმა შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა. შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მისი გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე და მოსკოვს ხელშეკრულების მრავლობით დარღვევაში დასდო ბრალი. მოგვიანებით, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან ისევ მოაწერა ხელი შეთანხმების 5 წლით გაგრძელებას.
მაგრამ, ამის შემდეგ, 2023 წლის თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის ყოველწლიურ მიმართვაში თქვა, რომ რუსეთი აჩერებს "ახალი სტარტის" ხელშეკრულებაში მონაწილეობას. მიზეზად რუსეთის პრეზიდენტმა დაასახელა ის, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას და ამით, ნატოს ქვეყნებთან ერთად, "რუსეთის განადგურებას ცდილობს".
Facebook Forum