მოსკოვი "სრულიად უპასუხისმგებლოს" უწოდებს, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის თაობაზე, შესაძლო დისკუსიას. განცხადება ამის შესახებ, 26 ნოემბერს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა. ეს იყო პასუხი გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსის" მიერ, გასულ კვირაში გავრცელებულ ცნობაზე, თითქოს, დასავლეთის ზოგიერთი ოფიციალური პირი ამ შესაძლებლობას განიხილავს. გამოცემის მიხედვით, რომელიც წყაროებს არ ასახელებს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ეს ნაბიჯი, შესაძლოა, მანამდე გადადგას, ვიდრე ის, 20 იანვარს პოსტს დატოვებს.
საუბარია უკრაინისთვის ჩამორთმეულ ბირთვულ შეიარაღებაზე, რომელიც მან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დათმო. "ეს იქნებოდა სწრაფი და გრანდიოზული შემაკავებელი, თუმცა ამგვარი ნაბიჯი კომპლექსური და სერიოზულ გართულებათა მომტანი იქნებოდა", - წერს "ნიუ-იორკ თაიმსი".
"ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო არგუმენტები იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც ცუდად ესმით რეალობა და რომლებიც არ გრძნობენ პასუხისმგებლობის ნაწილს, ასეთი განცხადებების გაკეთებისას", - განაცხადა პესკოვმა, ჟურნალისტებთან საუბრისას. ცოტა ხნით ადრე, დმიტრი მედვედევმაც განაცხადა, რომ თუკი დასავლეთი უკრაინას ბირთვულ შეიარაღებას გადასცემს, ამას მოსკოვი რუსეთზე თავდასხმად განიხილავს, რაც ბირთვული პასუხის გაცემის საფუძველს შექმნის. რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი, ახლა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.
1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკრაინას მემკვიდრეობით ერგო ქვეყნის ბირთვული არსენალის ნაწილი. მაგრამ, მოგვიანებით, ბუდაპეშტის მემორანდუმის საფუძველზე, მან შეიარაღება რუსეთის, შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთისგან უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დათმო.
რუსეთის აგრესია უკრაინაში უკვე 33-ე თვეს ითვლის. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვინაიდან კიევს ბირთვული იარაღი არ გააჩნია, ერთადერთი გამოსავალი რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, ახლა მხოლოდ უკრაინის ნატოში გაწევრიანება იქნებოდა.
Facebook Forum