უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშისთვის ამერიკული შორი რადიუსის სარაკეტო სისტემები, ე.წ. "ატაკამსები" სამშაბათს პირველად გამოიყენა - ამბობს მოსკოვი. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1 000 დღე გავიდა.
რუსეთი ამტკიცებს, რომ მან ბრიანსკის რეგიონში სამხედრო ობიექტისკენ მიმართული 6 რაკეტიდან 5 ჩამოაგდო. ზიანი და მსხვერპლი კი არ ყოფილა.
უკრაინა ამბობს, რომ მან რუსეთის სიღრმეში იარაღის ერთ-ერთ საცავს დაარტყა, რომელიც საზღვრიდან 110 კმ-ის სიღრმეში მდებარეობს და მეორეული აფეთქებებიც გამოიწვია, თუმცა კიევს არ დაუკონკრეტებია რა იარაღი გამოიყენა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ასეთი იერიშებისთვის საშუალო რადიუსის ამერიკული სარაკეტო სისტემების გამოყენების უფლება მისცა. მოსკოვი ამას ამერიკის მხრიდან სერიოზულ ესკალაციად აფასებს და ამბობს, რომ ეს ომში მისი პირდაპირი ჩართულობაა, რასაც მოსკოვის პასუხი მოჰყვება.
კიევი დიდი ხანია საშუალო და შორი რადიუსის იერიშებისთვის ამერიკული და ევროპული სარაკეტო სისტემების გამოყენების უფლებას ითხოვდა, სასაზღვრო რეგიონების რუსეთიდან განხორციელებული თავდასხმებისგან დასაცავად და სამხედრო ინფრასტრუქტურის დასაზიანებლად. სამხედრო ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ ეს უფლებაც ომის სასწორს მნიშვნელოვნად ვერ გადახრის, თუმცა ამ მიმართულებით უკრაინელებს დაეხმარება, ასევე მნიშვნელოვანი იქნება კურსკზე კონტროლის შესანარჩუნებლად. რუსეთის ამ რეგიონის ნაწილი უკრაინელმა სამხედროებმა აგვისტოში დაიკავეს.
პარლამენტისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ომის "გადამწყვეტი მომენტები" შესაძლოა მომდევნო წელს დადგეს.
"ომის ამ ეტაპზე წყდება, ვინ გაიმარჯვებს. ჩვენ გავიმარჯვებთ თუ მტერი გაიმარჯვებს უკრაინელებზე, ევროპელებზე, ყველაზე მსოფლიოში, ვისაც სურს, რომ თავისუფლად იცხოვროს და დიქტატურას არ დაემორჩილოს"
სრულმასშტაბიანი ომის 33 თვის განმავლობაში ათასობით უკრაინელია მოკლული, 6 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა და სხვა ქვეყნებში ცხოვრობს, 2022 წლის თებერვლის შემდეგ ქვეყნის მოსახლეობა მეოთხედით შემცირდა. ჯარში მსხვერპლის შესახებ მხარეები მონაცემებს არ ასაჯაროებენ, თუმცა სხვადასხვა შეფასებით, ორივე მხარეს ასობით ათასი სამხედროა დაღუპული.