"ჩემი არჩევანი არ ყოფილა ცეცხლის სამიზნედ ყოფნა", - თქვა იულია ნავალნაიამ ლონდონში, მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ჯილდოს მიღებისას, გასული კვირის ბოლოს გამართული ღონისძიებაზე. "ისე მოხდა, რომ ჩემი ქმარი ვლადიმირ პუტინმა მოკლა რუსეთის ციხეში ყოფნისას და ამის შემდეგ მან მე ტერორისტად შემრაცხა", - ამბობს ნავალნაია. მას ჯილდო გადასცეს, "ცეცხლის სამიზნეში ყოფნისას გამოჩენილი მხნეობისთვის".
ალექსეი ნავალნი რუსული ოპოზიციის ლიდერი იყო, რომელიც რუსეთის ჩრდილოეთში, კოლონიაში ამ წლის თებერვალში გარდაიცვალა. ნავალნაიამ ქმრის საქმის გაგრძელების პირობა დადო და რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბრობს.
მაგნიტსკის ჯილდოს გადცემის ცერემონია ყოველ წელს იმართება და მისი ორგანიზატორი ბილ ბრაუდერია, ოდესღაც რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი უცხოელი ინვესტორი. კრემლმა მას საგადასახადო თაღლითობაში დასდო ბრალი, მიუხედავად იმისა, რომ ამ თანხებს კორუმპირებული ჩინოვნიკები იპარავდნენ. მისი ადვოკატი - სერგეი მაგნიტსკი 37 წლის იყო, როცა დააკავეს და ციხეში, დაკითხვების შემდეგ გარდაიცვალა. მას დასავლეთის ქვეყნებში პუტინის ხელისუფლების ერთ-ერთ მსხვერპლად მიიჩნევენ და ეს ჯილდოც მისი სახელის უკვდავყოფასთან ერთად, რუსეთში არსებული ვითარებისადმი ყურადღების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
"ჩემთვის დიდი პატივია აქ, მეგობრების გარემოცვაში ყოფნა, ამ ჯილდოს მიღება, რომელსაც სერგეი მაგნიტსკის პატივსაცემი სახელი ჰქვია, რუსი ადვოკატის, ვინც ვლადიმირ პუტინის რეჟიმის ძალადობისა და კორუფციის სიმბოლოდ იქცა", - თქვა ნავალნაიამ.
მისი განმარტებით, ამ რეჟიმის მსხვერპლთა სახელები, სიმბოლოდ ქცეული ადამიანების გვარების სია იზრდება და მნიშვნელოვანია, რომ ეს შეიცვალოს. ვლადიმირ პუტინი კი, მისი თქმით, თავადაა ტერორისტი და ნორმალურ ადამიანებს, რომლებიც ნორმალური ცხოვრებისთვის იბრძვიან, ამის საშუალებას არ აძლევს.
2009 წელს, მაგნიტსკის სიკვდილის შემდეგ, ბილ ბრაუდერმა მისი სახელობის მოძრაობა შექმნა, რომელიც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე მუშაობს და ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას. ივნისში მან ამ ძალისხმევისთვის რაინდის წოდებაც მიიღო.
ამერიკის კონგრესმა, 2012 წელს, "მაგნიტსკის აქტი" მიიღო, რომლის ფარგლებშიც ამერიკის ხელისუფლებას შეუძლია ადამიანის უფლებების დამრღვევთა და კორუმპირებულ ოფიციალურ პირთა სანქცირება.
"ამერიკის ძლიერება ჩვენს ღირებულებებშია, ამერიკის საგარეო პოლიტიკა უნდა გამოხატავდეს ჩვენს ღირებულებებს. ამერიკა უნდა დარჩეს მოწინავე ხაზზე და მკაფიოდ თქვას, რომ ის არ აპირებს ავტოკრატიულ რეჟიმებთან შეგუებას, რომლებიც ცდილობენ ადამიანებს საკუთარი უფლებები წაართვან", - უთხრა "ამერიკის ხმას" სენატორმა ბენ კარდინმა, რომელიც მაგნიტსკის სახელობის კანონმდებლობის ავტორია და რომელსაც წელს ასევე გადაეცა ეს ჯილდო.
ლონდონში დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა ვლადიმირ კარა-მურზაც, კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი, რომელიც ცოტა ხნის წინ ციხიდან პატიმართა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს.
"ისტორია გვაჩვენებს, რომ დემოკრატიები ყველაზე ეფექტურად მაშინ მუშაობენ, როცა თანამშრომლობენ და ღირებულებებს იცავენ. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი პატიმართა ის გაცვლა იყო, რომლის ფარგლებშიც მეც გამათავისუფლეს, ვლადიმირ პუტინის თანამედროვე ეპოქის გულაგის ჯოჯოხეთიდან. მაგრამ, მოდით ნუ დაგვავიწყდება ის უამრავი ადამიანი, ვინც ჯერაც იქ რჩება", - თქვა კარა-მურზამ.
მისი თქმით, დემოკრატიებს არათუ მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვთ, რომ ჩაერიონ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ კრიზისებში. მათ შორის ისეთშიც, როგორიც რუსეთში მზარდი რეპრესიები და პოლიტიკური გასამართლებებია.
თუმცა, დაჯილდოების ცერემონიაზე პატივი მიაგეს რუსეთის მიღმა მყოფ აქტივისტებსა თუ პოლიტიკოსებსაც. მათ შორის იყო აზერბაიჯანში დაკავებული ბრიტანული უნივერსიტეტის პროფესორი გუბად იბადოღლუ. მისი ქალიშვილის თქმით, მამამისი გამოგონილი ბრალდებებით დააკავეს, რადგან ის აზერბაიჯანიდან ბრიტანეთში ფულის უკანონო გადარიცხვებს და კორუფციას იკვლევდა. ბაირამოვამ მამის გათავისუფლებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის ჯილდო მიიღო.
ჯილდოს ლაურეატი გახდა ზაჰრა ჯოიაც, რომელიც იძულებული გახდა ავღანეთი "თალიბანის" მიერ კონტროლის დაბრუნების შემდეგ, 2021 წელს დაეტოვებინა, ის ავღანელი ქალების ამბების მსოფლიოსთვის გაცნობას ცდილობს, თავისი "რახშანა მედიის" მეშვეობით.