შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დამატებითი სავიზო შეზღუდვები დაუწესა "ქართული ოცნების" წევრებსა და მათი ოჯახის წევრებს. სულ, დაახლოებით, 20 ადამიანს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 12 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სავიზო შეზღუდვები მათ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო უწესდებათ.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი არ ასაჯაროებს იმ ადამიანების სიას, ვისაც შეზღუდვები დაუწესდა, თუმცა მიანიშნებენ, რომ მათ შორის, საუბარია მაღალი თანამდებობის პირებზეც. განცხადებაში ასევე გაკეთებულია მინიშნება იმაზე, რომ დამატებითი ქმედებები და სანქციები მზადდება და ეს არაა ბოლო ნაბიჯი ამერიკის მხრიდან.
გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:
"სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებითი ქმედების შესახებ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია, ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხება დაახლოებით ოც პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც იკავებენ მთავრობაში მინისტრის თანამდებობას, არიან პარლამენტში, მსახურობენ სამართალდამცავი და უშიშროების სტრუქტერებში და არიან კერძო მოქალაქეები.
შეერთებული შტატები მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" მიერ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წევრების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ მზად ვართ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის შელახვაში, დავუქვემდებაროთ სავიზო შეზღუდვებს.
ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართველ ხალხთან ერთად, გვინდა ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ იქნება ინტეგრირებული. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს ამერიკის გადაწყვეტილებას და ემატება აქამდე გამოცხადებულ ნაბიჯებს, რომლებიც ეხება „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ 100-ზე მეტ პიროვნებას და მათი ოჯახის წევრებს".
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ე.წ უცხოეთის აგენტების კანონის მიღების შემდეგ, ამერიკის საგარეო უწყებამ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს. მაშინ დაწესდა პირველი ფინანსური სანქციებიც რამდენიმე პირზე, რომელსაც ამერიკის ხაზინა აწესებს და აღასრულებს.