მოსკოვმა შეაყოვნა ვაშინგტონთან ბირთვული განიარაღების საკითხებზე მოლაპარაკების დაწყება. ინფორმაცია ორშაბათს, 28 ნოემბერს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა.
შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის ბირთვული განიარაღების საკითხებზე შეხვედრა ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში, 29 ნოემბერს უნდა განახლებულიყო და 6 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. შეყოვნების მიზეზებზე არცერთი მხარე არ საუბრობს.
მომდევნო შეხვედრაზე მხარეები "ახალი სტარტის" (New START) ხელშეკრულებით გათვალიწინებული ინსპექციების განახლებაზე უნდა შეთანხმდნენ. ინსპექტირების პროცესი 2020 წლის მარტში შეწყდა და ამის მიზეზი პანდემია კოვიდ-19 იყო.
"რუსულმა მხარემ აცნობა შეერთებულ შტატებს, რომ რუსეთი ცალმხრივად აყოვნებს შეხვედრას და რომ ახალ თარიღებს შემოგვთავაზებს" - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაში.
ვაშინგტონი სხვა დეტალებს არ აზუსტებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამბობს მხოლოდ იმას, რომ ამერიკა მზად არის შეხვედრა გადაავადოს, ინსპექციის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენის მიზნით, რადგან ეს პრიორიტეტს წარმოადგენს "შეთანხმების, როგორც სტაბილურობის ინსტრუმენტის მდგრადობისთვის".
„ახალი სტარტის“ შეთანხმება, რომელიც 2011 წელს შედგა, რუსეთს და შეერთებულ შტატებს ავალდებულებს შეზღუდოს ბირთვული ქობინების რაოდენობა რაკეტებში, ბომბდამშენებში და რაკეტების გამშვებ სისტემებში. ასევე იზღუდება კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ნავებიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული იარაღისთვის აღჭურვილი მძიმე ბომბდამშენების რიცხვი.
Facebook Forum