ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთთან დაძაბულობის ფონზე, ნატო ბირთვული შეკავების "რუტინულ" წვრთნებს ატარებს


ნატომ რეგულარული ბირთვული შეკავების წვრთნები დასავლეთ ევროპაში რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე დაიწყო. დაძაბულობა კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ფარულმა ბირთვული მუქარამ გამოიწვია უკრაინაში მოსკოვის სამხედრო წარუმატებლობის ფონზე.

"წვრთნებში, სახელად "ურყევი შუადღე" 14 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. წვრთნებში ჩართულია 60-მდე სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი, მათ შორის, მეოთხე და მეხუთე თაობის მოიერიშე, ასევე სათვალთვალო და საწვავით ჰაერში გამართვისთვის საჭირო თვითმფრინავები", - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ეს "რუტინული, განმეორებითი სასწავლო აქტივობაა“ , რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დაიგეგმა და არ არის დაკავშირებული არსებულ ვითარებასთან.

წვრთნების განმავლობაში, ბელგიის, ბრიტანეთისა და ჩრდილოეთის ზღვის თავზე განხორციელდება ფრენები.

„ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მოკავშირეთა ლიდერებმა მიიღეს ივნისში, მადრიდის სამიტზე, ცხადყოფს, რომ „ნატოს ბირთვული შესაძლებლობების ფუნდამენტური მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, იძულების თავიდან აცილება და აგრესიის შეკავება“, - ნათქვამია ნატოს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის მხრიდან გავრცელებული ბირთვული მუქარების შემდეგ, საუბარი დაიწყო იმაზე, ხომ არ უნდა გაეუქმებინა ნატოს წვრთნები. თუმცა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უარი თქვა წვრთნების გაუქმებაზე.

„ძალიან არასწორი სიგნალი იქნება, თუ ჩვენ ახლა უეცრად გავაუქმებთ რუტინულ, დიდი ხნის დაგეგმილ წვრთნებს უკრაინის ომის გამო“, - თქვა სტოლტენბერგმა გასულ კვირას.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნატოს მტკიცე, პროგნოზირებადი ქცევა, ჩვენი სამხედრო ძალა საუკეთესო საშუალებაა დესკალაციისთვის", - თქვა სტოლტენბერგი.

XS
SM
MD
LG