ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის ნიშნებს ვაშინგტონი ვერ ხედავს


თეთრი სახლი
თეთრი სახლი

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოცდისთვის სამზადისის დაწყების დამადასტურებელი ნიშნები არ იკვეთება. უკრაინის ფრონტის ხაზის მახლობლად, ან მის საზღვრებთან იარაღის გამოსაცდელად მიმდინარე მზადების თაობაზე, ცნობები ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა.

ლორა კუპერი, ამერიკის თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე ამბობს, რომ მან მხოლოდ საჯარო ინფორმაცია იხილა, თითქოს რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი რკინიგზის საშუალებით გადაიტანა. მისი განცხადებით, პენტაგონს არაფერი იმის მსგავსი არ შეუმჩნევია, რომ მასზე დაფუძნებით, საკუთარი ბირთვული მზაობა და პოზიციები შეცვალოს.

აღნიშნულ ცნობებთან დაკავშირებით, 4 ოქტომბერს კითხვა კარინ ჟან-პიერსაც დაუსვეს, თეთრი სახლის პრესსპიკერს. მან თქვა, რომ შეერთებული შტატები ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს მთელი სერიოზულობით უდგება. თუმცა, "ჩვენ არ შევსწრებივართ არანაირ მიზეზს, რომ საკუთარი სტრატეგიული ბირთვული პოზიციები შევცვალოთ. ასევე არ გვაქვს არანაირი მინიშნება, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გარდაუვალი გამოცდისთვის" - აცხადებს თეთრი სახლი.

ამერიკელ ოფიციალურ პირთა კომენტარი მოჰყვა ბრიტანული "თაიმსის" პუბლიკაციას, რომელიც შემდეგ მედიის სხვა საშუალებებმაც გაავრცელეს. ლონდონური გამოცემა 3 ოქტომბერს ამბობდა, რომ პუტინი უკრაინის საზღვართან ბირთვული იარაღის გამოცდას გეგმავს და ამასთან დაკავშირებით, ნატომ ალიანსის წევრი ქვეყნებიც გააფრთხილა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი კი აცხადებს, რომ რუსეთის ბირთვულ პოზიციებში ცვლილებებს ვერ ხედავს. აღნიშნული ინფორმაცია ნატოს ოფიციალურმა პირმა "როიტერს" დაუდასტურა.

ცნობებს ოფიციალური მოსკოვიც უარყოფს. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ დასავლური მედია და პოლიტიკოსები "ახლა ძალიან ჩაერთნენ ბირთვულ რიტორიკაში", რაშიც მონაწილეობის მიღებაზე რუსეთი უარს ამბობს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომში დამატებითი ესკალაცია შეიტანა იმით, რომ გამოაცხადა "ნაწილობრივი" სამხედრო მობილიზაცია. ამას გარდა, მან გაზარდა უკრაინაში ანექსირებული რეგიონების რიცხვი - ყირიმის გარდა, რუსეთს მან უკრაინის დამატებით 4 ოლქი შეუერთა. და კიდევ, კრემლი აგრძელებს საკუთარ ბირთვულ შესაძლებლობებზე მინიშნებებით მუქარის გავრცელებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG