ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის ბირთვული მუქარა "სახიფათო და უგუნურია" - სტოლტენბერგი


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი

უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობის შემდეგ, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეფარული მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ „საშიში და უგუნური რიტორიკაა“ - აცხადებს სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს გენერალური მდივანი.

იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ პუტინის მიერ, სარეზერვო ძალების ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება, კონფლიქტში კიდევ უფრო მეტ ექსკალაციას გამოიწვევს და მეტ სიცოცხლეს შეიწირავს. მაგრამ, ამასთან სტოლტენბერგი ამბობს, რომ პუტინის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მან მეზობელ ქვეყანაში შეჭრით „დიდი შეცდომა“ დაუშვა.

„ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა არის დამტკიცება იმისა, რომ ბრძოლის ველზე პუტინი ვერ გაიმარჯვებს. როდესაც ის ამას მიხვდება, უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და უკრაინასთან გონივრული შეთანხმება დადოს“ - აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი.

მისი აზრით, ომში მეტი ჯარისკაცის ჩართვა, კონფლიქტს კიდევ უფრო გაამწვავებს. „პრეზიდენტ პუტინის გამოსვლა ცხადყოფს, რომ ომი მისი გეგმების მიხედვით არ მიმდინარეობს. მან დიდი, სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. მეტი ჯარი, კონფლიქტს გააძლიერებს. ეს ნიშნავს მეტ ტანჯვას, მეტ მსხვერპლს უკრაინელებში, მაგრამ ასევე რუსებში“- აცხადებს სტოლტენბერგი.

ვლადიმირ პუტინმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, დღეს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანება გასცა და მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გეგმას. ამასთან, პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ ფანდი არ იყო, როცა მან თქვა, რომ რუსეთის დასაცავად, მზად იყო ბირთვული იარაღი გამოეყენებინა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, უკვე ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გაეროს გენერალური ასამბლეისადმი მიმართვისას, სიტყვის მნიშვნელოვანი ნაწილი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს დაუთმო და თქვა, რომ რუსეთის ბირთვული მუქარები „უპასუხისმგებლობაა“.

"ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ამისთვის არასდროს უნდა იბრძოლო“ - აცხადებს ბაიდენი. ამერიკის პრეზიდენტმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან რუსეთი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო და ხაზი გაუსვა, რომ გაეროს 40-მდე წევრი სახელმწიფო, უკრაინას ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევს.

მანამდე, პუტინის განცხადებას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონი ფიქრობს, რომ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება, რუსეთის კიდევ უფრო მეტ იზოლაციას გამოწვევს.

„მისი [პუტინის] გადაწყვეტილება რუსი ხალხისთვის, ახალგაზრდებისთვის ცუდი ამბავია და მისი ქვეყნის იზოლაციას კიდევ უფრო გაზრდის“ - განაცხადა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკში მყოფმა ემანუელ მაკრონმა.

პუტინის განცხადების შემდეგ, მაკრონი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა და თქვა, რომ მსოფლიოს ბირთვულმა ძალებმა, ახლა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯილიან კიგანი აცხადებს, რომ პუტინის მუქარები დასავლეთში სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.

„ეს არის ისეთი რამ, რასაც ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან ჩვენ ამაზე კონტროლი არ გვაქვს. არ ვარ დარწმუნებული, რომ თუნდაც მას აქვს რაიმე კონტროლი. ეს აშკარად ესკალაციაა“ - აცხადებს კიგანი.

XS
SM
MD
LG