უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებაში, ამ ფაქტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიესალმება. კიევის მიერ ორგანიზებული სამშვიდობო სამიტი მომავალ თვეში, შვეიცარიაში გაიმართება.
შეხვედრაზე უკრაინას რაც შეიძლება მეტი ქვეყნის მასპინძლობის იმედი აქვს, რათა ომის შეჩერებისა და რუსეთზე ზეწოლის თაობაზე, მაქსიმალურად ერთიანი აზრი შემუშავდეს. რუსეთი, რომელიც მეზობელ სუვერენულ უკრაინას 2022 წლის თებერვალში მეორედ დაესხა თავს და ამჯერად მასთან სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა, ახლა ქვეყნის თითქმის მეხუთედს აკონტროლებს.
შეერთებულმა შტატებმა სამშვიდობო მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, მხარდაჭერა გამოხატა. თუმცა, ვაშინგტონს არ დაუკონკრეტებია, დაესწრება თუ არა მას პრეზიდენტი ბაიდენი.
„ვიცი, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს სამიტს, მაგრამ არ ვიცით, რა დონეზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა დღეს, 28 მაისს. ზელენსკიმ განცხადება ბრიუსელში, ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროსთან გამართულ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"სამშვიდობო სამიტს სჭირდება პრეზიდენტი ბაიდენი და [მისი ყოფნა] ასევე ესაჭიროებათ სხვა ლიდერებს, რომლებიც აკვირდებიან შეერთებული შტატების რეაქციას. პუტინი მხოლოდ აპლოდისმენტებით თუ მიესალმება მის არყოფნას, პირადად მიესალმება, ფეხზე ადგომით", - ამბობს ზელენსკი.
გასული კვირის ბოლოს, უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ბაიდენს და ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს, პუტინის ახლო მოკავშირეს, დაესწრონ სამიტს. რუსეთმა განაცხადა, რომ შეხვედრებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.
Facebook Forum