აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნება უნდა დართოს უკრაინას, ომი განახორციელოს ისე, როგორც თავად მიიჩნევენ მიზანშეწონილად, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ როგორ იყენებს უკრაინა აშშ-ის მიერ მიწოდებულ იარაღს, რუსეთის წინააღმდეგ ომში.
ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინამ გააძლიერა მიმართვა ბაიდენის ადმინისტრაციისადმი, მოხსნას აკრძალვა აშშ-ის მიერ მოწოდებული იარაღის რუსეთის შიგნით სამიზნეების დასარტყმელად გამოყენებაზე.
საკითხთან დაკავშირებით “ამერიკის ხმის” კითხვაზე პასუხად, სპიკერმა ჯონსონმა თქვა: “მათ [უკრაინას] სჭირდებათ, რომ საპასუხო ბრძოლის წარმოება შეძლონ. ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან იქ ძალისხმევის მიკრომენეჯმენტი, ჩვენთვის კარგი პოლიტიკა არ არის.”
ორშაბათს, ამერიკელი კანონმდებლების ორპარტიულმა ჯგუფმა წერილით მიმართა თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, რომელშიც სთხოვენ, რომ უკრაინას მიეცეს საშუალება, ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სტრატეგიულ სამიზნეებზე გამოიყენოს.
ორშაბათს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 22-ე შეხვედრის შემდეგ, ოსტინმა აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკაში ცვლილება არ მომხდარა და რომ შეერთებული შტატები მოელის უკრაინელებისგან, რომ მოწოდებულ იარაღს უკრაინის ტერიტორიაზე გამოიყენებს.
"ამერიკის ხმამ", სამ საკითხთან დაკავშირებით, კითხვა პენტაგონის პრესმდივანს, პეტ რაიდერს დაუსვა.
„ჩვენ ორიენტირებული ვართ უკრაინისთვის ისეთი შესაძლებლობების მიწოდებაზე, რომელიც მას უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე თავის დასაცავად სჭირდება“, - თქვა მან. ”მე არ ვაპირებ, სხვადასხვა სცენარის არჩევას. ისევ და ისევ, აქ სტრატეგიული განზრახვა არის საშუალება მისცეს უკრაინას დაიცვას თავი და დაიცვას თავისი სუვერენული ტერიტორია”, - ამბობს თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერი.