ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სულ მცირე 53,5 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინასთან ომში - ახალი დამოუკიდებელი ანგარიში


უკრაინასთან ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობამ 53 586 ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანული მაუწყებლის, "ბი-ბი-სის" (BBC) რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ ახალ ანგარიშში, რომელიც მოხალისეების მხარდაჭერით შეიქმნა.

აპრილში გამოქვეყნებული ანალოგიური ანგარიშის თანახმად, რუსეთის არმიის დანაკარგი 51 ათასს შეადგენდა.

ჟურნალისტები მოხალისეთა ჯგუფთან ერთად, საჯარო წყაროების საშუალებით აღრიცხავენ დაღუპულ ჯარისკაცებს - მედიაში ახლობლების მიერ გამოქვეყნებული ცნობების, ოფიციალური ხელისუფლების განცხადებებისა და ადგილობრივი მედიისა თუ იმ სასწავლებლების ცნობებზე დაყრდნობით, სადაც ჯარისკაცები სწავლობდნენ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წლის მაისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა კვლავ დაიწყო ზრდა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ხარკივის რეგიონში მიმდინარე შეტევებით.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაიღუპა 1 431 ჯარისკაცი, რაც ბევრად მეტია, ვიდრე 2022 და 2023 წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლები.
დაღუპულ რუს სამხედროთა დაახლოებით 20% პატიმარია, 14% - მოხალისე, 12% კი - მობილიზებული. სიკვდილიანობის აბსოლუტური რაოდენობის თვალსაზრისით ლიდერობენ კრასნოდარის მხარე (2022 სამხედრო), ბაშკირეთი (1953) და სვერდლოვსკის მხარე (1802).

ომში მონაწილე მხარეები, როგორც რუსეთი, ისე უკრაინა, ოფიციალურად თავს არიდებენ დანაკარგების შესახებ ცნობების გავრცელებას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა ბოლოს 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ საუბარი იყო 5 937 დაღუპულზე.

სამხედრო დანაკარგებზე ბოლო დრომდე საჯაროდ არც უკრაინის ხელისუფლება არ საუბრობდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხოლოდ 2024 წლის 26 თებერვალს გაამხილა პირველად უკრაინის არმიის დანაკარგები რუსეთთან ომში.

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში, ზელენსკის თქმით, 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან, მას არ დაუსახელებია დაჭრილთა და დაკარგულთა რაოდენობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG