ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევში მყოფი ბლინკენი ამბობს, რომ აშშ-ის დახმარება ფრონტზე ვითარებას შეცვლის


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევშია. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და თქვა, რომ ამერიკის დახმარების ნაწილი უკვე უკრაინაშია და კიდევ უფრო მეტი "გზაშია". ამ დახმარების სრულად მიღების შემდეგ კი უკრაინელები "რეალურ განსხვავებას" დაინახავენ.

ბლინკენის ვიზიტი პირველი ასეთი მაღალი რანგის ვიზიტია შეერთებული შტატებიდან მას შემდეგ, რაც გასულ თვეში კონგრესმა უკრაინის დახმარების 61 მილიარდი დოლარის მოცულობის ფინანსური პაკეტი დაამტკიცა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ბრძოლის ველზე რთულ მდგომარეობაშია. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხარკივის მიდამოებში რუსეთი შეტევას აძლიერებს.

"ჩვენ ვიცით, რომ ეს რთული დროა. მაგრამ ასევე ვიცით, რომ ახლო მომავალში იქნება ის დახმარება, რომლის ნაწილიც უკვე ჩამოვიდა, და ნაწილიც გზაშია. ეს რეალურ განსხვავებას მოიტანს ფრონტზე რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში", - თქვა ბლინკენმა.

2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის და ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, უკრაინის ჯარმა მოახერხა ამ მიწის ნაწილის გათავისუფლება. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა ფრონტზე ინიციატივის მოპოვება შეძლო და უკრაინელ ჯარისკაცებს ზოგიერთ ნაწილში უკან დახევა მოუხდათ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენტონი ბლინკენთან საუბრისას ამერიკას მადლობა გადაუხადა ორპარტიული მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ ყველაზე მეტად ახლა საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობას განიცდიან. რუსეთი კი მარტიდან მოყოლებული გრძელი რადიუსის საჰაერო თავდასხმებს აძლიერებს. ამ შეტევების შედეგად არაერთი ენერგოობიექტია დაზიანებული და ბევრ დასახლებას სხვადასხვა დროით ელექტროენერგიის მიწოდება ეზღუდება.

"ამწუთას ჩვენ ხარკივის რეგიონში ორი "პატრიოტის" სისტემა გვჭირდება. ხალხი იმ რეგიონში თავდასხმის ქვეშაა. სამოქალაქო პირები, მებრძოლები, ყველა რუსული რაკეტების ქვეშაა", - უთხრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენტონი ბლინკენს.

ბლინკენი უკრაინაში სამშაბათს გათენებისას, მატარებლით ჩავიდა. ვიზიტის შესახებ წინასწარ ცნობილი არ ყოფილა. ამ ვიზიტის წინა დღეს ხარკივის რეგიონში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახმელეთო სამხედრო იერიშიც გაააქტიურეს.

ენტონი ბლინკენთან ერთად მყოფი ოფიციალური პირი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ამ რთულ ვითარებაში ბლინკენის ვიზიტი სწორედ ამერიკის თანადგომის ხაზგასმის ნიშანი და გზავნილია.

XS
SM
MD
LG