ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი: კიევს აქვს „უკრაინის გარეთ, ლეგიტიმურ სამიზნეებზე“ დარტყმის უფლება


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ორშაბათს თქვა, რომ მთავრობებმა უნდა გადახედონ აკრძალვებს, რომელიც უკრაინას საშუალებას არ აძლევს, სამხედრო დახმარება რუსეთის ძალების წინააღმდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს. მან თქვა, რომ შეზღუდვები, უკრაინულ ძალებს, ბრძოლისა და თავდაცვის უნარს უმცირებს.

ბულგარეთში ვიზიტის დროს, სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო და უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, მათ შორის, „უკრაინის გარეთ, ლეგიტიმურ სამიზნეებზე“ დარტყმის უფლება.

„ამის ძალიან ნათელ დემონსტრირებას ახლა, ხარკივში ბრძოლისას ვხედავთ“, თქვა სტოლტენბერგმა. „რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიას რუსეთის ტერიტორიიდან, საზღვრის მეორე მხრიდან ესხმის თავს. ფრონტის ხაზი, მეტნაკლებად, სახელმწიფო საზღვარია და თუ ფრონტის ხაზს მიღმა რუსულ ძალებზე თავდასხმა არ შეგიძლია, რადგან ისინი სახელმწიფო საზღვრის მიღმა არიან, მაშინ, რა თქმა უნდა, უკრაინულ ძალებს თავდაცვის უნარს უმცირებ.“

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თავად ნატო კონფლიქტის მონაწილე არ არის, მაგრამ ნატოელ მოკავშირეებს აქვთ უფლება, სამხედრო დახმარების მიწოდებით, უკრაინას თავდაცვის უფლების განხორციელებაში დაეხმარონ.

გასულ კვირაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა, „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ შეერთებული შტატები „უკრაინას, საზღვრების მიღმა, ასეთი დარტყმების უფლებას არ აძლევს“, მაგრამ სხვების მიერ მიწოდებულ იარაღზე, უკრაინა საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებს.

ორშაბათს, რუსეთის ორიოლის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ უკრაინულმა დრონმა ბენზინგასამართ სადგურს დაარტყა. მისივე ცნობით, სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ორშაბათს, საჰაერო თავდაცვამ ორიოლის თავზე ექვსი, კრასნოდარის თავზე ოთხი, ბელგოროდის თავზე ერთი და ბრიანსკის თავზე ერთი უკრაინული დრონი გაანადგურა.

XS
SM
MD
LG