რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, უკრაინის საზღვრიდან მოშორებით განთავსებული შორი დისტანციის რადარი, კვირას უკრაინული დრონის სამიზნე გახდა. ინფრომაციას ამის შესახებ, კიევის დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. წყაროს ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ეს მეორე ამ ტიპის დარტყმაა ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის სამხედრო მოქმედებების მონიტორინგისთვის იყენებს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, თავდასხმის ობიექტი ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკის მახლობლად მდებარე სარადარო სადგური „ვორონეჟ M” იყო. სადგური 1 500 კილომეტრითაა დაშორებული იმ უახლოესი ტერიტორიიდან, სადაც კიევის ძალებია განლაგებული.
წყაროს, რომელიც ვინაობის გამხელაზე უარს ამბობს, არ უსაუბრია თავდასხმის შედეგებზე. მაგრამ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე "ღრმა" თავდასხმა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდა.
მოსკოვის მხრიდან ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა რუსული გამოცემა „იზვესტია“ და სხვა რუსული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ კვირას, ორენბურგის რეგიონში, დრონი ჩამოვარდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.
წყარომ კიევიდან, ასევე დაადასტურა ცნობები 22 მაისს, სამხრეთ კრასნოდარის ოლქში, „ვორონეჟ DM” რადარზე, უკრაინული დრონის თავდასხმის შესახებ.
"რადიო თავისუფლების" რუსული სამსახურის მიერ გავრცელებულ სატელიტურ ფოტოებზე, სარადარო სადგურის დაზიანებებია აღბეჭდილი.