ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაში დაეხმარება უკრაინას კასეტური ბომბები?  


„[რუსებმა] დანაღმეს ჩვენი მიწები, რის გამოც, ჩვენი კონტრშეტევითი მოქმედებების ტემპი ნელია“, - ასე ხსნის ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის კონტრშეტევის მიმდინარეობას და განმარტავს, რომ კიევი ცდილობს რუსეთის მიერ შექმნილი დაბრკოლებები, რაც შეიძლება სწრაფად და ნაკლები დანაკარგებით გადალახოს.

რუსეთს ახლა ფრონტზე დაცვის რამდენიმე ხაზი აქვს შექმნილი. ოკუპირებული ტერიტორიის დიდი ნაწილი დანაღმულია. ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ შესაძლოა კასეტური ბომბები უკრაინას დანაღმული ტერიტორიების გაწმენდასა და რუსეთის პოზიციებზე იერიშის მიტანაში დაეხმაროს.

კასეტური ბომბების უკრაინისთვის გადაცემის იდეა მხოლოდ ის არ არის, რომ [უკრაინას] კიდევ ერთი იარაღი ექნება მტრის წინააღმდეგ, არამედ ის, რომ მისი გასროლისას ერთდროულად არტყამ რამდენიმე სამიზნეს და არა ერთს. ამან შესაძლოა უკრაინას უპირატესობა მისცეს“, - ამბობს ტარა კოპი “ასოშეითედ პრესის“ სამხედრო მიმომხილველი.

სწორედ ფრონტის ხაზზე უკრაინის პოზიციების გაძლიერება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც ვაშინგტონმა კიევის ხანგრძლივი მოთხოვნა დააკმაყოფილა უკრაინას კასეტური ბომბები გადასცა. თეთრმა სახლმა მაშინ თქვა, რომ კიევმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ კასეტურ ბომბებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ გამოიყენებს და ტერიტორიებს, სადაც მისი გამოყენება მოხდება, მოგვიანებით გაწმენდს.

მარკ კანსიანი ამერიკის შეერთებული შტატების თადარიგის პოლკოვნიკი ამბობს, რომ კასეტური ბომბები უკრაინას დაეხმარება, თუმცა „სამწუხაროდ, არ არსებობს ერთი კონკრეტული იარაღი ან საბრძოლო მასალა, რომელიც გამარჯვებას მოიტანს“.

რა არის კასეტური ბომბები?

კასეტური ბომბი ერთგვარი გადამტანი ჭურვია, რომლის შიგნითაც ასობით პატარა ასაფეთქებელია მოთავსებული. კასეტური ბომბის გაშვება შესაძლებელია როგორც ხმელეთიდან, ასევე ჰაერიდან.

რა არის კასეტური ბომბი?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:26 0:00

კასეტური ბომბით წერტილოვანი დარტყმის მიტანა არ ხდება, ის გაცილებით დიდ ტერიტორიას ფარავს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კასეტური ბომბით ეფექტური იერიშის მიტანა შესაძლებელია რამდენიმე ფეხბურთის სტადიონის ზომის ტერიტორიაზე.

ის არ გამოიყენება ქარის დროს რადგან მისი გავრცელების რადიუსი შეიძლება შეიცვალოს. Ასევე, კასეტურ ბომბში მოთავსებული პატარა ზომის ბომბები ყოველთვის არ ფეთქდება, რის გამოც ბომბი გრძელვადიან საფრთხეებს ქმნის - დღეს გასროლილი ბომბის ნაწილი შესაძლოა წლების შემდეგ აფეთქდეს. ამერიკული წარმოების კასეტური ბომბების შემთხვევაში აუფეთქებელი ჭურვების რაოდენობა 3 პროცენტს შეადგენს, რუსულის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 40 %-ს აღემატება.

ამ ეფექტის გამო კასეტური ბომბების გამოყენება 1997 წლის შემდეგ ოტავას კონვენციით იკრძალება. სპეციალისტების მიერ დადგენილია, რომ კასეტურ ბომბს მშვიდობიან მოსახლეობაში, განსაკუთრებით ბავშვებში პოტენციურად დიდი მსხვერპლის გამოწვევა შეუძლია. პატარა ბომბები, რომლებიც ხმელეთზე ცვივა და ჩამოვარდნისას არ ფეთქდება, მზეზე ციმციმებს , რაც მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვებს იზიდავს. მათთან შეხება კი ხშირად სიკვდილით ან მძიმე დაზიანებებით მთავრდება. ოსლოს კონვენციას 100 –ზე მეტი ქვეყანა აწერს ხელს, რითაც ისინი პირობას დებენ , რომ გაასუფთავებენ იმ ტერიტორიებს, რომლებზეც წარსულში კასეტური ბომბების გამოყენება მოხდა.

აკრძალული, თუმცა აუცილებელი იარაღი?

ახლა უკრაინას რუსეთის პოზიციებზე წერტილოვანი საარტილერიო ჭურვებით მიაქვს იერიში. კასეტური ბომბით კი უკრაინას გაცილებით დიდ ფართობზე შეეძლება იერიშის მიტანა.

„კასეტური ბომბები ძალიან ეფექტურია ტერიტორიული სამიზნეების წინააღმდეგ. იქნება ეს სატრანსპორტო კოლონა, ქვეითთა შენაერთი თუ მოწინააღმდეგის საარტილერიო წერტილები. კასეტური ბომბები ცნობილია, როგორც ერთგვარი „ფოლადის წვიმა“ მათი ინტენსიური და ფართო გავრცელების გამო. ერთი კასეტური ბომბით მოიცავ ისეთ ფართო ტერიტორიას, რომელზეც სხვა შემთხვევაში რამდენიმე საარტილერიო ჭურვის გამოყენება დაგჭირდება. ვიეტნამის ომის დროს კასეტური საბრძოლო მასალის ანალიზმა აჩვენა, რომ ის რვაჯერ უფრო ეფექტურია მსხვერპლის გამოწვევაში, ვიდრე სტანდარტული საარტილერიო ჭურვები“, - ამბობს მარკ კანსიანი. ის განმარტავს, რომ კასეტური ბომბები „60-ჯერ უფრო ეფექტურია სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ, ვიდრე რეგულარული ჭურვები“.

კასეტური ბომბების მიწოდებით დასავლეთი ცდილობს დააკმაყოფილოს უკრაინის მზარდი საარტილერიო მოთხოვნილებები. გაზრდილი საჭიროების პირობებში შედარებით ნელია წარმოებისა და მიწოდების პროცესი. თეთრი სახლი განმარტავს, რომ ფრონტის ხაზზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა უკრაინისთვის აკრძალული იარაღის მიწოდება, რათა უკრაინელი სამხედროები მტრის იერიშების წინაშე დაუცველები არ აღმოჩენილიყვნენ.

„ვუახლოვდებით იმ მომენტს ამ ომში, როცა საარტილერიო ხარჯები დრამატულად მაღალია, როგორც უკრაინის ასევე რუსეთის მხრიდან. ჩვენ გვჭირდება ერთგვარი უწყვეტი მარაგის ამუშავება, იქამდე სანამ გვექნება საკმარისი ყოველთვიური საარტილერიო ჭურვები უკრაინისთვის. ეს არის მომენტი ამ მარაგის სტაბილური ციკლის მშენებლობის დასაწყებად, რათა ამ ზაფხულში და შემოდგომაზე არ დარჩეს პერიოდი როდესაც უკრაინას არტილერიის ნაკლებობა ექნება და დაუცველი დარჩება“, - ამბობს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ჯეიკ სალივანი.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ვაშინგტონის მიერ კიევისთვის კასეტური ბომბების გადაცემას აკრიტიკებენ. ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ ეს გაზრდის მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში.

რუსეთის მიდგომა და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში

მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო მოსკოვი კიევის წინააღმდეგ რეგულარულად იყენებს კასეტურ ბომბებს, მათ შორის, სამოქალაქო ობიექტების დაბომბვისას. აკრძალული იარაღის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენების, როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალები არსებობს. ასობით ჭურვს უკრაინა რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების საერთაშორისო სასამართლოში დასამტკიცებლად მტკიცებულებად ინახავს.

კიევი კი მკაფიოდ ამბობს, რომ კასეტური ბომბების გამოყენებას არ აპირებს დასახლებულ პუნქტებში და ტერიტორიაზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა გადაადგილდება. თეთრი სახლი განმარტავს, რომ კიევმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ტერიტორიებს, სადაც კასეტური ბომბების გამოყენება მოხდება ომის დასრულების შემდეგ სრულად გაწმენდს და განაღმვით ოპერაციებს ჩაატარებს.

მანამდე კი უკრაინა ნელა თუმცა წინ მიიწევს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ „ასპენის“ უსაფრთხოების ფორუმზე თქვა, რომ ახლოვდება „მომენტი როდესაც შეიძლება კონტრშეტევის ტემპმა მოიმატოს”.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG