ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნორვეგიის სახელმწიფო უწყებებზე კიბერთავდასხმა მოხდა


ნორვეგიის მთავრობამ ორშაბათს განაცხადა, რომ ქვეყნის 12 სამინისტროზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.

„ჩვენ გამოვავლინეთ სისუსტე, ჩვენი ერთ-ერთი მომწოდებლის პლატფორმაში. ახლა, ეს სისუსტე აღმოფხვრილია“ - განაცხადა პრესკონფერენციაზე ერიკ ჰოუპმა, რომელიც მთავრობის ვერბგვერდების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებას ხელმძღვანელობს.

ჰოუპის თქმით, თავდასხმა მიმწოდებლის პლატფორმაზე „უჩვეულო“ ტრაფიკით გამოვლინდა, თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია. გავრცელებული ცნობით, კიბერთავდასხმა 12 ივლისს გამოვლინდა და მომხდარს საგამოძიებო უწყებები იძიებს.

„ჯერ ნაადრევია იმის თქმა, ვინ დგას ამის უკან და რა მასშტაბისაა თავდასხმა“ - თქვა ჰოუპმა.

რუსული გაზის ნაკადების შემცირების შემდეგ, ნორვეგია ევროპისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელია.

ერიკ ჰოუპის თქმით, კიბერთავდასხმის შედეგად არ დაზარალებულა პრემიერის ოფისი, ასევე საგარეო, თავდაცვის და იუსტიციის სამინისტროები, რადგან ეს უწყებები განსხვავებულ პლატფორმებს იყენებს.

ნორვეგიის სახელმწიფო უწყებები კიბერთავდასხმის ობიექტი აქამდეც გამხდარა, მათ შორის, 2022 წლის ივნისში. მაშინ თავდასხმაში ბრალი „კრიმინალურ პრორუსულ ჯგუფს“ დადეს.

ნატოს წევრი ნორვეგია, რუსეთთან საზღვარს არქტიკაში იზიარებს და მხარს უჭერს უკრაინას იარაღით, ჰუმანიტარული დახმარებითა და ფინანსებით.

კიბერშეტევების რიცხვი, 2019-დან 2021 წლამდე მონაცემებთან შედარებით სამჯერ გაიზარდა, განაცხადა ქვეყნის კიბერუსაფრთხოების სააგენტომ თებერვალში, რისკის შეფასების უახლეს ანგარიშში.

XS
SM
MD
LG