ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონის დიპლომატიური მანევრი თუ ცვლილება საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში?


„ჩვენ ხელიდან გავუშვით შანსი მოგვესმინა თქვენთვის. ეს ახლა წარსულია. თქვენი ხმა, ჩვენი ხმა უნდა იყოს”, - ასე მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრატისლავას უსაფრთხოების ფორუმზე იმ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს, რომლებიც წლების განმავლობაში პარიზსა და ბერლინს რუსეთის მიმართ პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ. პრეზიდენტ მაკრონის ეს მიმართვა ბევრმა შეცდომის აღიარებად შეაფასა, წარსულში რუსეთიდან მომავალი საფრთხის არასწორი აღქმისთვის.

2003 წელს ჟაკ შირაკის, მაშინდელი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებამ, რომ აღმოსავლეთ ევროპელმა მოკავშირეებმა „გაუშვეს შანსი პირი მოეკეტათ“ ბევრი გააღიზიანა. თუმცა 20 წლის თავზე, მიმომხილველთა ნაწილი მაკრონის ამ სვლას პოლიტიკის შემობრუნებად აღიქვამს.

„ეს ნამდვილად იყო გადახვევა საფრანგეთის საგარეო პოლიტიკიდან. აქამდე საფრანგეთი აღიქმებოდა, როგორც ლმობიერი რუსეთის მიმართ, რომელიც ომის დასაწყისიდან ცდილობდა დიალოგის შენარჩუნებას ვლადიმირ პუტინთან“, - უთხრა მეთიუ დრუანი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიტიკოსმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას.

რიტორიკის ცვლილებასთან ერთად პარიზმა გასულ თვეში განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად ზრდის ინვესტიციას თავდაცვის სფეროში, რაც 2030 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის 60 მილიარდით გაზრდას გულისხმობს. მარკონმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება უკრაინას შორი რადიუსის ფრთოსანი სარაკეტო სისტემები "სკალპ 50" გადასცეს და ნატოს ვილნიუსის სამიტზე ღიად თქვა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას.

“საფრანგეთს ესმის, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტირება მხოლოდ კიევის ნატოში გაწევრიანებითაა შესაძლებელია“, - ამბობს მარტინ კანსე, გერმანიის მარშალის ფონდის პარიზის ოფისიდან „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. „[მაკრონის პოზიციონირება] არის გზავნილი კრემლისთვის, თუ როგორ ხედავს საფრანგეთი ევროპის უსაფრთხოების მომავალს“, - განმარტავს ის.

ნატოს ვილნიუსის სამიტი, 12 ივლისი, 2023
ნატოს ვილნიუსის სამიტი, 12 ივლისი, 2023

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, როდესაც უკრაინამ და საქართველომ სამომავლოდ ნატოში გაწევრიანების დაპირება მიიღეს, მათთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას სწორედ საფრანგეთი ეწინააღმდეგებოდა გერმანიასთან ერთად. ახლა ბერლინიც, პარიზის მსგავსად, დიპლომატიურ ენას არბილებს. 2022 წლის აგვისტოში, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ „ევროპის ცენტრი აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს“.

პარიზის ნაბიჯებს ზოგი პრეზიდენტ მაკრონის სურვილს უკავშირებს, რომ გერმანიის მიერ დომინირებულ ევროპულ სივრცეში თავად იყოს მთავარი მოთამაშე.

"გერმანიისთვის პარიზის პოლიტიკის ცვლილება იოლად მისაღები საკითხი არაა. გერმანია ერიდება უკრაინის წინაშე კონკრეტული ვალდებულებების აღებას... მაგრამ საფრანგეთსა და გერმანიას შორის მსგავსი უთანხმოებები ხშირია და საბოლოო ჯამში, ისინი ყოველთვის პოულობენ კომპრომისს“, - ამბობს დრუანი.

მაშინ, როცა ფრანგი ანალიტიკოსები მაკრონის სიტყვებს პარადიგმის შებრუნებად მიიჩნევენ, შეერთებულ შტატებში განსხვავებული შეხედულება აქვთ. ამერიკის დედაქალაქში, ზოგი თვლის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ეს სვლა, დიპლომატიური მანევრი და ცარიელი სიტყვებია.

ვოლოდიმირ ზელენსკი, ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი
ვოლოდიმირ ზელენსკი, ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი

“ჯერ კიდევ 2019 წელს, პრეზიდენტმა მაკრონმა ნატოს ტვინ-მკვდარი უწოდა. ის ყოყმანობდა ნატოს გაფართოება ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში დასავლეთის გავლენის გავრცელების მეთოდად გამოეყენებინა“, - ამბობს დალიბორ როშაჩი "ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის" უფროსი მკვლევარი.

უკრაინის ომის დასაწყისში პარიზი ინარჩუნებდა კონტაქტს მოსკოვთან და მხარეებს მოუწოდებდა მოლაპარაკებებისკენ. პრეზიდენტ მაკრონის სიტყვებმა, რომ დასავლეთმა პუტინს “სახის შენარჩუნების” საშუალება უნდა მისცეს, ბევრის გაღიზიანება გამოიწვია. მაკრონის პოზიციას როშაჩი პარადოქსულს უწოდებს, თუმცა მისი თქმით, ეს ადვილად აიხსნება.

"ვილნიუსის სამიტის შედეგები აჩვენებს, რომ ამერიკის ადმინისტრაციას, არ სურდა წინ წასულიყო და დაედგინა მკაფიო ვადები ნატოს გაფართოებისთვის და უკრაინის მომავალი წევრობისთვის. ასე რომ, საფრანგეთისთვის ისე პოზიციონირება, როგორც უკრაინის წევრობის მომხრის, ძირითადად იაფფასიანი საუბარი იყო“, - ამბობს ის და განმარტავს, რომ „პრეზიდენტ მაკრონის გადმოსახედიდან ეს სასარგებლოა. ამით ის წარმოჩინდა, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტერესების ერთგვარი დამცველი და ეცადა ვარშავაში, ბრატისლავაში, პრაღასა და ბალტიისპირეთის დედაქალაქებში, გულის მოგებას ისე, რომ ამისთვის რეალურად არაფერი გაუკეთებია“.

პრეზიდენტი მაკრონი პირველი ვადიდან მოყოლებული საუბრობს ევროპის სტრატეგიულ ავტონომიაზე. ეს გულისხმობს კონტინენტის უფრო მეტ დამოუკიდებლობას შეერთებული შტატებისგან სამხედრო თვალსაზრისით. თუმცა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პარიზსა და ბერლინს არ ენდობიან და მაკრონის ხედვა ყველასთვის მისაღები არ არის.

„არსებობს გარკვეული სკეპტიციზმი. საფრანგეთს დიდი დრო დასჭირდება, რომ გახდეს სანდო მოკავშირე [ცენტრალური ევროპის] ზოგიერთი დედაქალაქისთვის, მაგრამ შეცდომა იქნება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცალკეული ქვეყნებისა და საფრანგეთის ურთიერთობის ერთი პრიზმიდან დანახვა“, - აცხადებს კანსე.

მიმომხილველები თანხმდებიან, რომ მაკრონის რიტორიკა შეიცვალა, მაგრამ ამბობენ, რომ იმას, თუ რამდენად მოიტანს ეს რეალურ პოლიტიკურ შედეგებს, პარიზის შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრავს.

როშასს მიაჩნია, რომ „საფრანგეთისთვის რეალური გამოცდა ის იქნება თუ რა პოზიციას დაიკავებს ის, უკრაინის არა ნატოში, არამედ ევროკავშირში მომავალ წევრობასთან დაკავშირებით“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG