ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ შესაძლოა რუსეთი შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმას გეგმავდეს. უილიამ ბერნსმა ეს განცხადება „ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე“ გამოსვლის დროს, ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ კითხვაზე პასუხად გააკეთა.
უილიამ ბერნსმა თქვა, რომ რუსეთი ე.წ. ყცრუ დროშის ოპერაციას გეგმავს, რაც შესაძლოა შავ ზღვაში არასამხედრო დანიშნულებით მყოფ გემებზე თავდასხმას ითვალისწინებდეს.
„მათ, შესაძლოა, თავდასხმა განახორციელონ გემებზე შავ ზღვაში და შეეცადონ ამაში უკრაინა დაადანაშაულონ“, - განაცხადა ბერნსმა.
მანამდე, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა თქვა, რომ რუსეთმა, უკრაინული პორტების მისადგომებთან, სავარაუდოდ ზღვა დანაღმა.
„ჩვენი ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა, უკრაინის პორტების მისადგომებთან, დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა“, - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ადამ ჰოჯმა და თქვა, რომ რუსეთი შეეცდება შემდეგ მომხდარზე პასუხისმგებლობა კიევს დააკისროს.
„ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე“, ბერნს უკრაინის კონტრშეტევის შესახებაც ჰკითხეს. ბერნსი ამბობს, რომ ის „ოპტიმისტია“ და თვლის, რომ უკრაინა წინსვლას აჩვენებს. „ვფიქრობ, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ კონტრშეტევა რთულია. თავდასხმა გაცილებით რთულია, ვიდრე დაცვა“, - თქვა ბერნსმა.
დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა რუსეთში სამხედრო ამბოხის შესახებაც და თქვა, რომ პრიგოჟინის ამ ქმედებამ, პუტინის მმართველობის „სისუსტის ნიშნები“ გამოკვეთა და კიდევ უფრო გაზარდა რუსეთის მოსახლეობაში მთავრობის მიმართ უკმაყოფილება.
„სიმართლე ისაა, რომ რუსეთში, ელიტაშიც და მის მიღმაც, ახლა დიდი უკმაყოფილებაა“,- ამბობს უილიამ ბერნსი და განმარტავს, რომ ახლა პუტინი ცდილობს დრო მოიგოს და ის დიდი დარტყმა, რაც მან პრიგოჟინის ამბოხით მიიღო, გადაფაროს. ბერნსის თქმით, ახლა ვლადიმირ პუტინი ცდილობს შეიმუშაოს გეგმა, როგორ გააგრძელოს უკვე ყოფილ მოკავშირესთან ურთიერთობა.
ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ პუტინმა ევგენი პრიგოჟინზე შურისძიება სცადოს. „პუტინი არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ შურისძიება არის კერძი, რომელიც ცივად უნდა მიირთვა“, - თქვა ბერნსმა. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პუტინი ჯერ ვითარებას აკვირდება და გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.