ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კირბი: უკრაინა F-16-ებს სავარაუდოდ წლის ბოლომდე მიიღებს


უკრაინა F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მიიღებს. ამის შესახებ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხების კოორდინატორმა ტელეკომპანია "ფოქს ნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

"სავარაუდოდ, F-16-ები უკრაინაში წლის ბოლომდე ჩავა. თუმცა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ F-16-ებს ბრძოლის ველზე ცვლილებების მოხდენა შეუძლია" - განაცხადა ჯონ კირბიმ.

კირბის თქმით, უკრაინას ახლა საარტილერიო საბრძოლო მასალის დიდი რაოდენობა სჭირდება დაუყოვნებლივ.

ნატოს სამიტზე, რომელიც ვილნიუსში 11 და 12 ივლისს გაიმართა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა 11 ქვეყანასთან დადებულ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელშიც ასახულია უკრაინელი მფრინავების F-16-ებზე გადამზადების პირობები.

უკრაინელი პილოტები, ტექნიკოსები და თვითმფრინავების ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვა პერსონალი, მონაწილეობას მიიღებენ საწვრთნელ პროგრამაში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" თანახმად, აგვისტოში, დანიაში დაიწყება. პარალელურად, წვრთნები დაიწყება რუმინეთშიც, სადაც სპეციალური ცენტრი მოეწყობა. მოიერიშე თვითმფრინავების საწვრთნელი პროგრამის თაობაზე ძალისხმევას დანია და ნიდერლანდები ლიდერობდნენ.

ამ დრომდე არცერთ ქვეყანას არ განუცხადებია, რომ უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მისცემს, თუმცა პოლონეთმა და სლოვაკეთმა კიევს საბჭოთა წარმოების 17 მიგ-29-ის ტიპის თვითმფრინავები მიაწოდეს.

უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან გამუდმებით ითხოვს თანამედროვე თვითმფრინავებს და ამბობს, რომ რუსეთს საჰაერო უპირატესობა აქვს.

ამ ფონზე, უკრაინა რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ კონტრიერიშს აგრძელებს. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ზომიერი, თუმცა სტაბილური წარმატება აქვთ. მოწინააღმდეგეს კი დიდი დრო ჰქონდა თავდაცვის პოზიციების გასაძლიერებლად, რომლის გადასალახადაც კიევი კიდევ უფრო მეტ შეიარაღებასა და ტექნიკას ითხოვს იმისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მოახერხოს.

XS
SM
MD
LG