ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი: პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ, შესაძლოა მარცვლეულის შეთანხმება გაგრძელდეს


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისმა დაგეგმილმა მოლაპარაკებებმა, შესაძლოა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღდგენა გამოიწვიოს. ერდოღანი დასავლეთს მოუწოდებს, რუსეთის მოთხოვნები გაითვალისწინონ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედიასაშუალებები ავრცელებს.

"შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებას შედეგების მთელი სერია მოჰყვება, - დაწყებული სურსათზე გლობალური ფასების ზრდით, ასევე ზოგიერთ რეგიონში [საკვების] დეფიციტით და პოტენციურად ეს მიგრაციის ახალ ტალღასაც გამოიწვევს", - თქვა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

"მჯერა, რომ პრეზიდენტ პუტინთან ამ საკითხის სრულად განხილვის შემდეგ, ამ ჰუმანიტარული ძალისხმევის გაგრძელებას შევძლებთ", - თქვა ერდოღანმა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, რუსეთმა უარი თქვა შავი ზღვის შეთანხმებაში მონაწილეობის გაგრძელებაზე. კრემლში ამბობენ, რომ შეთანხმება რუსეთის სასარგებლოდ არ მუშაობს და დასავლეთისგან ზოგიერთი სანქციის შემსუბუქებას ითხოვენ.

მოსკოვის განცხადებით, შეთანხმებას მხოლოდ მაშინ დაუბრუნებდა, თუ რუსეთს თავისი მარცვლეულის და სასუქის გამარტივებული ექსპორტის საშუალებას მისცემენ. კიევი კი ამბობს, რომ შავი ზღვის შეთანხმება რუსეთის ჩართულობის გარეშე უნდა გაგრძელდეს.

ამ ეტაპზე, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება შეჩერებულია. მხარეები გამოსავალს ეძებენ.

XS
SM
MD
LG