რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის კონტრშეტევა წარუმაატებეელი აღმოჩნდა. მოსკოვში ალექსანდრ ლუკაშენკოს უმასპინძლეს და კვირას სანქტ-პეტერბურგში მოკავშირეები ერთმანეთს შეხვდნენ.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული მასალების თანახმად, ლუკაშენკომ თქვა, რომ "კონტრშეტევა უბრალოდ არ მომხდარა. პუტინმა კი პასუხად თქვა, რომ "კონტრშეტევა კი არსებობს, მაგრამ ის წარუმატებელია".
უკრაინამ გასულ თვეში კონტრშეტევა დაიწყო, თუმცა ჯერ მხოლოდ მცირე ტერიტორიის გათავისუფლება მოახერხა. ომის 17 თვის შემდეგ რუსული საოკუპაციო ძალები ქვეყნის ტერიტორიის, დაახლოებით, 20 პროცენტზე არიან გამაგრებული.
ამერიკის გაერთიანებული შტაბების მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ კონტრშეტევა "შორსაა წარუმატებლობისგან", მაგრამ ის "ხანგრძლივი, რთული და სისხლიანი" იქნება.
"ტელეგრამის" არხებზე, რომლებიც ლუკაშენკოს მთავრობას უკავშირდება, წერენ, რომ ლუკაშენკო ტრაბახობს, თითქოს "ვაგნერის" მებრძოლები მას "დასავლეთისკენ სვლისკენ" მოუწოდებენ: "ვაგნერის" ბიჭები დაჟინებით გვეუბნებიან - მათ დასავლეთით წასვლა სურთ. მოდით წავიდეთ ვარშავასა და ჟეშოვში", - ციტირებენ "ტელეგრამში" ლუკაშენკოს. თუმცა კონკრეტული განცხადება იმის შესახებ, რომ ლუკაშენკო ამ იდეას მხარს უჭერს, არ გაკეთებულა.
გასულ ხუთშაბათს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "ვაგნერის" მებრძოლებმა ბელარუსის სპეციალური სამსახურის ძალების სამხედრო წვრთნა დაიწყეს. ეს წვრთნა კი პოლონეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მიმდინარეობს.