„ასპენის“ უსაფრთხოების ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დეტალურად ხსნის თუ რატომ არის უკრაინის კონტრშეტევის „ტემპი ნელი“. ზელენსკი ამბობს, რომ ამის მთავარი მიზეზი დაგვიანებით დაწყებული კონტრშეტევაა.
„ჩვენ გვქონდა გეგმები, რომ [კონტრშეტევა] გაზაფხულზე დაგვეწყო. მაგრამ ეს არ გავაკეთეთ, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, არ გვქონდა საკმარისი საბრძოლო მასალა და შეიარაღება. ასევე, არ გვყავდა სათანადოდ გაწვრთნილი ბრიგადები - ვგულისხმობ ახალი დასავლური შეიარაღების ცოდნას“, - ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც „ასპენსის“ უსაფრთხოების ფორუმს კიევიდან ჩაერთო ამბობს, რომ გვიან დაწყებულმა კონტრშეტევამ, რუსეთს საშუალება მისცა მომზადებულიყო, დაენაღმა ოკუპირებული ტერიტორიები და დაცვის რამდენიმე ხაზი შეექმნა.
„რა თქმა უნდა, მათ ცოტა მეტი დრო ჰქონდათ. ამის გამო, მათ ააშენეს ყველა ეს ხაზი... ჩვენი მიწები ძლიერ დანაღმეს, რის გამოც, ჩვენი კონტრშეტევითი მოქმედებების ტემპი ნელია“,- ამბობს ზელენსკი და განმარტავს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, უკრაინა წინ მიიწევს.
„სი-ენ-ენი“ ზელენსკის განცხადებებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის ხელისუფლებას სურს, კონტრშეტევა იყოს წარმატებული ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები უკრაინელი სამხედრო დაშავდეს ან დაიღუპოს.
„ჩვენ არ გვინდოდა ჩვენი ხალხის, პერსონალის, სამხედრო მოსამსახურეების დაკარგვა. არ გვინდოდა ახალი ტექნიკის დაკარგვა და ამის გამო, შეტევით მოქმედებებს საკმაოდ ფრთხილად ვუდგებით“,- ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ განაღმვითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. „ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც შეიძლება კონტრშეტევის ტემპმა მოიმატოს“ - თქვა ზელენსკიმ.
Facebook Forum