ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიცხის ტალღების გამო მოსახლეობას აფრთხილებენ


რომი, იტალია. 18 ივლისი, 2023 წ.
რომი, იტალია. 18 ივლისი, 2023 წ.

რეკორდულად მაღალი ტემპერატურის ფონზე, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, მოერიდონ გარეთ გასვლას, ან შეზღუდონ გარეთ ყოფნის დრო.

ექსტრემალური სიცხის გამო, მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) ევროპის, აზიის და შეერთებული შტატების ზოგიერთი ნაწილისთვის გაფრთხილება გამოსცა, რომელშიც სასიცოცხლო რისკებზეა საუბარი. გაერო ვარაუდობს, რომ გასულ წელს სიცხის გამო ევროპაში 61 000-მდე ადამიანი დაიღუპა.

ძლიერი სიცხეებია იტალიის 16-მდე ქალაქში, მათ შორის რომში და ფლორენციაში. ზოგან ტემპერატურა +43 გრადუსს აღწევს. გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცის განცხადებით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ტემპერატურა ისევ იზრდება და მომდევნო დღეებში პიკს მიაღწევს.

ამ ზაფხულს შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის სიკვდილის ველის ეროვნულ პარკში, ტემპერატურა +53 გრადუსს აღწევდა. ანალოგიური ვითარებაა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშიც. ევროპაში ძლიერი სიცხეების გამო საბერძნეთში, ესპანეთში და შვეიცარიის ალპებში ძლიერი ხანძრებია, სამხრეთ ნახევარსფეროში კი - მასიური წყალდიდობები.

მეცნიერები ამინდის ამგვარ ცვალებადობას კლიმატის ცვლილებებს მიაწერენ, რაც უმთავრესად ადამიანთა საქმიანობით არის გამოწვეული. სპეციალისტები მთავრობებს გლობალური დათბობის შენელების მიზნით, წიაღისეული საწვავის გამოყენების მინიმუმზე დაყვანისკენ და ენერგიის სუფთა წყაროებზე გადასვლისკენ მოუწოდებენ.

ამ ფონზე ჯონ კერი, შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელი კლიმატის საკითხებში, ჩინეთში იმყოფება. ის პეკინში საქმიან შეხვედრებს მართავს და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობა გაღრმავდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG