გაერო აცხადებს, რომ კლიმატური ცვლილებები ახლა უკვე ყოველდღიური ცხოვრების მუდმივი მახასიათებელია, მაგრამ უფრო ცუდი ეფექტის თავიდან ასარიდებლად, ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
მთავრობათაშორისმა კოლეგიამ ორშაბათს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ კლიმატური ცვლილებები „ერთმნიშვნელოვნად, ადამიანთა საქმიანობითაა გამოწვეული“. მოხსენების მიხედვით, მეცხრამეტე საუკუნის პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით დედამიწაზე თანდათანობითი დათბობა 1.1 ცელსიუსით მეტია.
კლიმატურ ცვლილებებზე მომუშავე საერთაშორისო კოლეგია აცხადებს, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში, დედამიწაზე დათბობა, სავარაუდოდ, გადააბიჯებს 1.5 გრადუსი ცელსიუსით დათბობის ზღვარს. მეცნიერების ვარაუდით, ეს ისეთ შეუქცევად ცვლილებებს გამოიწვევს, როგორიცაა მყინვარების დნობა, ზღვის დონის მატება, დამანგრეველი წყალდიდობები და გვალვები მთელს მსოფლიოში.
თუმცა, კოლეგია ასევე აცხადებს, რომ მსოფლიოს ცვლილებების გავლენის შემცირება ჯერ ისევ შეუძლია.
„განგაშის ზარები დამაყრუებელია“ - აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და ამბობს, რომ კოლეგიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიში „კაცობრიობისთვის წითელი კოდია“.
გუტერეში მოუწოდებს განვითარებულ ქვეყნებს, შეწყვიტონ ქვანახშირის ქარხნების მუშაობა და განახლებადი ენერგიის ფართო გამოყენება დანერგონ.
195 მთავრობის მიერ დამტკიცებული მოხსენება, ნოემბერში, გლაზგოში დაგეგმილი გაეროს კლიმატის სამიტის მთავარი საკითხი იქნება. სამიტის მთავარი მიზანი, კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად გლობალური სტრატეგიის შემუშავებაა.
Facebook Forum