უახლოეს ათწლეულებში "საშიში სიცხე" მსოფლიოში სამჯერ უფრო ხშირად იქნება - ასეთ პროგნოზს მეცნიერები ახალი კვლევის ფარგლებში აკეთებენ. კვლევა სამეცნიერო ჟურნალში "კომუნიკაციები დედამიწისა და გარემოს შესახებ", 25 აგვისტოს გამოქვეყნდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილების გაუარესებასთან ერთად, ძლიერ მაღალი ტენიანობა და ტემპერატურა, რაც ახლა ზაფხულში მხოლოდ ზოგჯერ ფიქსირდება და 39.4 ცელსისუსს აღწევს ან აჭარბებს, საუკუნის შუა პერიოდში 20-50-ჯერ უფრო ხშირად დაფიქსირდება. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ 2100 წლისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთში "მომაკვდინებელი სიცხის" ინდექსიც შეიძლება იხილონ.
თუმცა, ტროპიკულ ზონებში ვითარება შესაძლოა ბევრად უფრო მეტად გაუარესდეს. კვლევის თანახმად, სიცხის ინდექსი - "უკიდურესად საშიში", რაც ახლა 51 გრადუსს აღწევს და მხოლოდ იშვიათად ფიქსირდება, სავარაუდოდ პლანეტის ტროპიკულ სარტყელში (რომელშიც ინდოეთიც ხვდება) საუკუნის მიწურულს წელიწადში ერთიდან ოთხ კვირამდე პერიოდის განმავლობაში იქნება.
"ეს ძალიან საშიშია. ესაა ის, რამაც შესაძლოა მილიარდობით ადამიანი რეგულარულად უკიდურესად ძლიერი სიცხის პირისპირ დატოვოს. ასე რომ, ის, რაც ადრე თითქმის არასდროს ხდებოდა, სავარაუდოდ, ყოველ წელს მოხდება", - ამბობს კვლევის თანაავტორი ლუკას ზეპეტელო, ჰარვარდის კლიმატის მკვლევარი.
ზეპეტელო და მისი კოლეგები კვლევის ფარგლებში გაკეთებული 1000-ზე მეტი კომპიუტერული სიმულაციის პირობებში ძლიერი სიცხის ორ ნიშნულს იკვლევდნენ - სიცხის ინდექსს 39.4 და 51 გრადუს ცელსიუსზე. ეს მაჩვენებლები ამერიკის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის თანახმად, "საშიშად" და "უკიდურესად საშიშად" მიიჩნევა. მათ მონაცემები ასევე ორი პერიოდისთვის დათვალეს - 2050 და 2100 წლისთვის და ეს პროგნოზი 1979 წლიდან 1998 წლამდე პერიოდში დაფიქსირებულ ტემპერატურასაც შეადარეს.
სითბური ტალღები კლიმატის ცვლილების მძიმე შედეგებიდან მხოლოდ ერთ-ერთია. მოსალოდნელ პრობლემებს შორისაა ზღვის დონის ზრდა, ზოგადად, ეკოსისტემებში ცვლილებები და სხვა.
"სამწუხაროდ, ამ კვლევაში წარმოდგენილი საშინელი პროგნოზები სანდოა", - ამბობს კლიმატის მკვლევარი ჯენიფერ ფრანცისი უოდველის კლიმატის კვლევის ცენტრიდან. ის კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
"გასული ორი ზაფხული ერთგვარი ფანჯარა იყო იმის დასანახად, თუ როგორი ცხელი იქნება ჩვენი მომავალი, ევროპაში, ჩინეთში, ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ინდოეთში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ბრიტანეთში, ციმბირის ცენტრალურ ნაწილში და ახალ ინგლისშიც კი მომაკვდინებელი სიცხის ტალღები დაფიქსირდა. ისედაც ცხელი ადგილები და ეკოსისტემები კი ისეთი ცხელი გახდა, რომ იქ არსებობა შეუძლებელი გახდა. ინფრასტრუქტურა და ცოცხალი არსებები ასეთ გამანადგურებელ სიცხეს ვერ უძლებენ", - ამბობს მეცნიერი.
ეს კონკრეტული კვლევა სხვა ბევრი კვლევისგან განსხვავებით არ ეყრდნობა მხოლოდ სითბური აირების გაფრქვევის მონაცემებს და სწავლობს მათემატიკურ ალბათობას იმისა, თუ როგორ გაიზრდება პლანეტაზე ტემპერატურა.