ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპა ხანძრების და ძლიერი სიცხის პირისპირ


სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. რეკორდულად ძლიერი სიცხეა დიდ ბრიტანეთშიც. სამხრეთიდან ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მოძრავი ცხელი ჰაერი, რომელსაც მეცნიერების ნაწილი კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ, ახლა ევროპის არაერთ ქვეყანას უქმნის პრობლემებს. გერმანიასა და ბელგიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ათობით ხანძარი მძვინვარებს ესპანეთშიც.

დიდ ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქვეყანაში სამშაბათს, ისტორიაში პირველად 40 გრადუსი დაფიქსირდა. ქვეყნის ხელისუფლებამ ეროვნული მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი ხშირად დიდი მოცულობის ნალექი, ძლიერი თოვლი ან ქარი ხდება ხოლმე, ამჟამად კი - უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურაა.

ტრანსპორტის მინისტრი გრანტ შაპსი ამბობს, რომ ამგვარ ტემპერატურასთან და შეცვლილ საჭიროებებთან მოსარგებად ტრანსპორტის სისტემაში განახლებებს წლები დასჭირდება. ამ დროისთვის დაზიანებულია აეროპორტის ორი ასაფრენი ზოლი და ზოგიერთი სარკინიგზო ხაზიც. ფიქსირდება მგზავრობასთან დაკავშირებული პრობლემები და შეფერხებები. ტრანსპორტის მინისტრი ამბობს, რომ "ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, რომელიც ვიქტორიანულ ეპოქაშია აშენებული, არ არის მორგებული ამგვარ ტემპერატურაზე".

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარი ღვინით ცნობილ რეგიონ ჟირონდიშია. აქ მსგავსი ხანძარი 30 წელია არ უნახავთ. ბორდოს მიმდებარე ტერიტორიებზე კი ცეცხლი 19 ათას ჰექტარზე დიდ ფართობზეა გავრცელებული და 34 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრებს 2000-მდე მეხანძრე ებრძვის მათ შორის სპეციალური საჰაერო ტექნიკით.

გაეროს 2022 წლის თებერვლის ანგარიშის თანახმად, ადამიანთა საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების გავლენით, ექსტრემალური ამინდი კიდევ უფრო გამწვავდება. ტყის ხანძრები კი მომდევნო 28 წლის განმავლობაში 30%- ით გახშირდება.

ხანძარს ებრძვიან და ძლიერ სიცხეს უმკლავდებიან ესპანეთსა და პორტუგალიაშიც. ესპანეთის ნაწილებში ახლა ცეცხლის 30-მდე კერაა. განსაკუთრებული ყურადღებით ხელისუფლება ახლა კასტილიისა და ლეონის და გალისიის რეგიონებს აკვირდება.

საბერძნეთში მეხანძრეებმა ბოლო 24 საათში 73 ხანძარი ჩააქრეს. ქვეყნის მასშტაბით ხანძრების რისკი კვლავ ძალიან დიდია. ცეცხლის კერები გაჩნდა სლოვენიაშიც, თუმცა ის ამჟამად ლოკალიზებულია.

XS
SM
MD
LG