ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობა დადო. 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი გლაზგოში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზეა შეკრებილი.
"ამერიკის შეერთებული შტატები შეძლებს, რომ შეასრულოს პირველი ამბიციური გეგმა, რომელიც აპრილში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე დავსახეთ: 2030 წლამდე ამერიკაში სათბურის გაზები 50-52 %-ით შემცირდება და 2005 წლამდელ მაჩვენებელს მიაღწევს. ჩვენ ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ ამერიკა არამხოლოდ დაუბრუნდა სამუშაო მაგიდას, არამედ, იმედი გვაქვს, რომ წინ წაგიძღვებით ჩვენი მაგალითის ძალით. ეს არ ხდებოდა აქამდე, ამიტომ ჩემი ადმინისტრაცია საჭიროზე მეტს მუშაობს იმისთვის, რომ გაჩვენოთ, კლიმატის თემასთან დაკავშირებით ჩვენი აღებული ვალდებულებები არის ქმედებები და არა - სიტყვები", - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ახალი გეგმები მოიცავს ამერიკის მიერ ახალ ვალდებულებებსაც, რომელიც აქამდე მიღებულ საერთაშორისო შეთანხმებებს ეფუძნება. მათ შორისაა 3 მილიარდი დოლარი - პრეზიდენტის საგანგებო გეგმისთვის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა, მდგრადობისა და ცნობიერების ასამაღლებლად სამუშაოდ და შიდა პოლიტიკის იმგვარად წარსამართად, რომ ს სათბური გაზების გამოფრქვევის შემცირება საკანონმდებლო ფოკუსში მოექცეს.
ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე კანონმდებლები თვეებია კამათობენ, თუმცა კენჭისყრაზე ის ჯერ არ გაუტანიათ.
ამერიკის მიერ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ნაბიჯები დიდი ხანია ყურადღების ცენტრშია. 2017 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა პარიზის კლიმატის შეთანხმებას ტოვებდა. ეს გადაწყვეტილება 2020 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. თუმცა პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ამერიკა ამ შეთანხმებას დაუბრუნდა.
Facebook Forum