შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი თეთრი სახლის დაკავებისთანავე გეგმავს რამდენიმე საპრეზიდენტო განკარგულების გამოცემას. დემოკრატი ჯო ბაიდენი ბევრ გადაწყვეტილებას შეცვლის, რომელიც მისმა წინამორბედმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა მიიღო.
ბაიდენის მრჩევლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს შეეხება პანდემიასთან ბრძოლას, საიმიგრაიცო პოლიტიკას თუ კლიმატურ ცვლილებებს. ქვემოთ მოსალოდნელი ცვლილებების ნუსხაა, რომელიც ეფუძნება ჯო ბაიდენის საარჩევნო დანაპირებებს, ინტერვიუებს მის მრჩევლებთან და ადმინისტრაციის მომავალ ხელმძღვანელ რონ კლაინთან.
კოვიდ-19-ის კრიზისი
* განიხილება $1,9 ტრილიონის ოდენობის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს მილიონობით ამერიკელის დახმარებას, ასევე - კორონავირუსის ვაქცინის დისტრიბუციის დაჩქარებას.
* ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება ფედერალურ საკუთრებაში მყოფ შენობებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
* შეღავათები დაწესდება ფედერალურ სასწავლო კრედიტებზე და ბინის გადასახადებზე.
* გამოიცემა საპრეზიდენტო განკარგულება, რომელიც სკოლებს და ბიზნესებს უსაფრთხოდ გახსნაში დაეხმარება, გაზრდის ტესტირებას და ჯანდაცვის სტანდარტებს დაამკვიდრებს.
* ფედერალურ სააგენტოებს დაევალება საგანგებო ზომები მიიღონ, რომ კრიზისის დროს ამერიკულ ოჯახებს ეკონომიკური შეღავათები ჰქონდეთ.
* შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაბრუნდება.
კლიმატი
* ამერიკა დაბრუნდება პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში, გლობალურ პაქტში, რომელიც მსოფლიოს 200 ქვეყანას შორის ხუთი წლის წინ დაიდო და კლიმატურ ცვლილებებთან ერთობლივ ბრძოლას ითვალისწინებს.
* მეთანით დაბინძურების ლიმიტი კვლავ დაწესდება.
* წახალისდება სუფთა ენერგიის და გამონაბოლქვის გარეშე მომუშავე მანქანების წარმოება.
* საჯარო მფლობელობაში მყოფ მიწებზე და წყლებში აიკრძალება ნავთობის და ბუნებრივი აირის ახალი წყაროებიდან მოპოვება.
* გაუქმდება "ქისთოუნ-XL" მილსადენი, რომელმაც საწვავი კანადიდან შეერთებულ შტატებს უნდა მიაწოდოს.
იმიგრაცია
* გაუქმდება აკრძალვა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ უმეტესად მუსლიმებით დასახლებული ქვეყნებიდან ამერიკაში შემოსვლაზე დააწესა.
* კონგრესს გაეგზავნება საიმიგრაციო კანონპროექტი, რომელმაც შესაძლოა ამერიკაში უკანონოდ მცხოვრებ მილიონობით იმიგრანტს ლეგალური სტატუსი მისცეს.
* კვლავ ამოქმედდება "მეოცნებეების" სახელით ცნობილი "დაკას" პროგრამა, რომელიც ამერიკაში მცირეწლოვან ასაკში უკანონოდ შემოყვანილ ბავშვებს, ქვეყანაში დარჩენის უფლებას აძლევს.
* შეიცვლება წინა ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომელიც საზღვრებზე მშობლებს და ბავშვებს ერთმანეთს აშორებდა. ასევე დასრულდება მშობლების უმნიშვნელო საიმიგრაციო დარღვევებისთვის გასამართლება და პრიორიტეტი მიენიჭება ბავშვებს, რომლებიც მშობლებს დააცილეს.
* დასრულდება საგანგებო ვითარების თაობაზე გაკეთებული განცხადება, რომელიც წინა ადმინისტრაციას აძლევდა საშუალებას, სამთავრობო რესურსები მექსიკასთან სასაზღვრო კედლის მშენებლობისთვის გამოეყო.
* გადაიხედება დევნილთათვის დროებითი თავშესაფრის მინიჭების რეგულაცია (TPS) მათთვის, ვინც საკუთარ ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.
Facebook Forum