ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საუკეთესო დღეები წინაა" - ჯო ბაიდენი


ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის ფიცს დებს. ვაშინგტონი, 21 იანვარი, 2013 წ.
ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის ფიცს დებს. ვაშინგტონი, 21 იანვარი, 2013 წ.

„ამერიკის ისტორიის შეცვლისთვის; რადგან დაგვანახეს, რომ თანაგრძნობის ძალა უფრო დიდია, ვიდრე დაპირისპირებით გამოწვეული ბრაზი; ვინაიდან დამწუხრებულ სამყაროს გაუზიარეს ჭრილობების მოშუშების ხედვა - ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი „თაიმის“ 2020 წლის ადამიანები არიან“ - ამ სიტყვებით დეკემბერში, ჟურნალმა „თაიმმა“ ამერიკის არჩეული პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი წლის ადამიანებად გამოაცხადა.

ჯო ბაიდენი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და სენატორი, რომელმაც პრეზიდენტობა მანამდე ორჯერ წარუმატებლად სცადა, ახლა ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული, 78 წლის პრეზიდენტია. კამალა ჰარისი კი ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი, პირველი აფრო-ამერიკული და ასევე, აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც გენდერული და რასობრივი ბარიერები ცხოვრებაში არაერთხელ დაძლია.

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი
ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი

ისტორიული იყო არამარტო მათი უმეტესად ონლაინ მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანია, არამედ მთელი ბოლო ერთი წელი: ურთულესი პანდემიით, რომელიც დღეში ზოგჯერ ათასობით ამერიკელს კლავდა; ეკონომიკის მკვეთრი ვარდნებით; რასიზმის წინააღმდეგ გამოსული, თუ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მასების ძალადობრივი აქციებით. ასეთ ფონზე, ბაიდენმა და ჰარისმა ამერიკელებს საარჩევნო ბიულეტენზე თანაგრძნობა, ერთობა, იმედი, აღორძინება და განახლება შესთავაზეს. და მათ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

„შიშზე და პოლარიზებაზე არ გავთვლი. არ დავანთებ სიძულვილის კოცონს. ვეცდები მოვაშუშო რასობრივი ჭრილობები, რაც ქვეყანას დიდი ხანია აწუხებს და ამას პოლიტიკური ქულების დასაწერად არ გამოვიყენებ“ - პირდებოდა ამომრჩევლებს ჯო ბაიდენი.

მას ბავშვობიდან ენა ებმოდა და კლასელები ხშირად დასცინოდნენ. ტიპიური, საშუალო კლასის ამერიკული ოჯახის შვილმა, რიგითი სკოლა და უნივერსიტეტები დაამთავრა. გახდა იურისტი, მაგრამ სულ რამდენიმე წელში პოლიტიკოსობა გადაწყვიტა. მაშინაც ისტორია შექმნა: 30 წლის ასაკში, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სენატორი იყო ამერიკაში.

ცოტა ხნით ადრე გადაიტანა უზარმაზარი ტრაგედია. ავტოკატასტროფაში დაეღუპა საშობაო საჩუქრებზე წასული მეუღლე და ერთი წლის შვილი. პოლიტიკური კარიერის მიტოვება უნდოდა. თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა გადააფიქრებინეს. 5 წლის შემდეგ, ცხოვრება თავიდან დაიწყო. იქორწინა პედაგოგ ჯილ ჯეიკობს ტრეისიზე, რომელიც დღესაც მისი ერთგული მეუღლეა.

სენატორის ფიცის დადება, 1973 წელი
სენატორის ფიცის დადება, 1973 წელი

36 წელი იყო დელავერის შტატის სენატორი და სამსახურში მატარებლით, ორსაათნახევრის გზაზე დადიოდა. ამბობდა, რომ ასე უფრო მეტი საშუალება ჰქონდა რიგით ამერიკელებთან ურთიერთობის, ვისაც ის სენატში წარმოადგენდა. ბაიდენის თქმით, „ქვეყნის მართვაში და მართალი გითხრათ, ცხოვრებაშიც მთავარია ადამიანებთან დაახლოება, მათთან საერთოს გამონახვა. ეს არ შეიცვლება“.

2007 წელს ამერიკის პრეზიდენტობისთვის მეორედ ჩაერთო ბრძოლაში და ოპონენტთან, მაშინ ილინოისის სენატორ ბარაკ ობამასთან დამარცხდა. ობამამ ვეტერან სენატორს ვიცე-პრეზიდენტობა შესთავაზა. ის არჩევნებიც ისტორიული იყო, მათ ერთად გაიმარჯვეს და ამერიკას პირველი შავკანიანი პრეზიდენტი 8 წლის მანძილზე მართავდა. ბაიდენი და ობამა დღესაც განუყრელი მეგობრები არიან.

როცა 2012 წელს, ინაუგურაციაზე, ვიცე-პრეზიდენტის ფიცს მეორედ დებდა, კულუარებში უკვე საუბრობდნენ იმაზე, რომ ბაიდენი მალე პრეზიდენტობასაც დააპირებდა. მაშინ ეს ასე არ მოხდა, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ, ბაიდენმა ეს ნაბიჯი მაინც გადადგა. თქვა, რომ რომ გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამარცხების მიზნით მიიღო. გამარჯვებაში დარწმუნებული იყო: „პირობას გაძლევთ, ამ მარათონს მოვიგებთ. დონალდ ტრამპს დავამარცხებთ. და გპირდებით, რომ ამერიკას შევცვლით, მთელ ამერიკას უკეთესობისკენ შევცვლით“.

ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის ფიცს დებს, 2009 წ.
ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის ფიცს დებს, 2009 წ.

77 წლის კანდიდატის გამარჯვებას ბევრი არ ელოდა. ამბობდნენ, რომ მას ქარიზმა აკლდა, ისეთი ენერგიულიც აღარ იყო. ბაიდენმა მაინც შეძლო ბევრად ახალგაზრდა და ენერგიულ დემოკრატ ოპონენტებში დაწინაურება და შემდეგ კიდევ ერთი ისტორიული არჩევნების მოგება: 3 ნოემბრის კენჭისყრაზე რეკორდული რაოდენობით ამერიკელი ამომრჩეველი მივიდა.

ბაიდენის ასაკი ვაშინგტონში არ უკვირთ. მასავით 78 წლისაა მიტჩ მაკკონელი, რომელიც წლებია სენატის რესპუბლიკელ კანონმდებლებს უდგას სათავეში. და მათზე ორი წლით უფროსია დემოკრატების ლიდერი ნენსი პელოსი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, უკვე მესამე ვადით.

ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მიტჩ მაკკონელი, სენატის უმრავლესობის ლიდერი, 2017 წ.
ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მიტჩ მაკკონელი, სენატის უმრავლესობის ლიდერი, 2017 წ.

„დღეს ჩვენი სახლი ისევ დაყოფილია. მაგრამ, მეგობრებო, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ძალიან ბევრი კრიზისის წინაშე ვართ. ძალიან დიდი საქმეა გასაკეთებელი. ბრწყინვალე მომავალს ვერ ავაშენებთ ბრაზის, სიძულვილის და პოლარიზაციის ფონზე“ - აცხადებდა არჩევნების წინ დემოკრატების ნომინანტი.

პრეზიდენტ ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი საერთაშორისო ხელშეკრულებებს მეტად აფასებს. ის პირობას დებს, რომ კვლავ გაზრდის ამერიკის ჩართულობას და ავტორიტეტს საერთაშორისო არენაზე და დააბრუნებს ვაშინგტონს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, თუ საერთაშორისო კლიმატურ შეთანხმებაში.

ჩინეთის პრეზიდენტი ძიან ძემინი და სენატორი ჯო ბაიდენი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს, 2001 წ.
ჩინეთის პრეზიდენტი ძიან ძემინი და სენატორი ჯო ბაიდენი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს, 2001 წ.

საგარეო პოლიტიკაში ბაიდენს ყოველთვის ძალზე გამოკვეთილი პოზიციები ეკავა, რაც ხშირად გამხდარა თანაპარტიელების კრიტიკის საგანი. 2003 წელს, ბაიდენმა ხმა მისცა ერაყში ომის დაწყებას, ემხრობოდა 1994-ში ბოსნიაში ამერიკის და ნატოს ინტერვენციას, თუ 2011 წელს ნატოს წინამძღოლობით ლიბიაში ჩარევას.

საშინაო პოლიტიკაში კი ბაიდენი უფრო ზომიერ, შედარებით ცენტრისტ დემოკრატ პოლიტიკოსად ითვლება. ხანგრძლივი პოლიტიკური საქმიანობით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ორივე პარტიასთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა და ნაყოფიერი მუშაობა.

ყოფილი სენატორის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად, ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მიღებული აქტი ითვლება. ბაიდენმა წამყვანი როლი ითამაშა დამნაშავეობის წინააღმდეგ საკანონმდებლო აქტების შექმნაში და მას ხშირად აკრიტიკებენ იმისთვის, რომ კრიმინალებისთვის მეტისმეტად მკაცრი სასჯელის დაწესების მომხრე იყო. ეს მოგვიანებით შეიცვალა. 78 წლის ბაიდენი დღეს თვლის, რომ ამერიკას ძალიან ბევრი პატიმარი ჰყავს და მათში ბევრია ფერადკანიანთა რიცხვი.

ჯო ბაიდენი, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული
ჯო ბაიდენი, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული

წინ უამრავი გამოწვევაა. საარჩევნო დაპირებები ერთია, მათი შესრულების სურვილი მეორე, და სირთულე - მესამე. ფაქტია, რომ უკიდურესად პოლარიზებულმა ამერიკამ 2020 წლის 3 ნოემბერს, ხმა, გამოცდილ პოლიტიკოსთან ერთად, გაერთიანების გზავნილს მისცა.

ბაიდენს სჯერა, რომ ქვეყნის გაერთიანებას შეძლებს: „გპირდებით, რომ ვიქნები პრეზიდენტი რომელიც შეეცდება გაერთიანებას და არა დაყოფას, რომელიც ვერ არჩევს წითელ და ლურჯ შტატებს... ხედავს მხოლოდ შეერთებულ შტატებს“.

„ბრძოლა ამერიკის სულის გადასარჩენად“ - ამ ლოზუნგით იბრძოდა ბაიდენის საარჩევნო კამპანია. ჯო ბაიდენის თქმით, „დადგა დრო გვახსოვდეს, ვინ ვართ. ჩვენ ამერიკელები ვართ: ძლიერი, გამძლე, თან ყოველთვის იმედით სავსე. დადგა დრო, ერთმანეთს ღირსებით მოვექცეთ... დროა წარსულიც მოვიგონოთ და ისიც გვახსოვდეს, რომ საუკეთესო დღეები წინაა“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG