ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელად სამანტა პაუერი დაასახელა


სამანტა პაუერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში
სამანტა პაუერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთი სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურა დაასახელა. სამატა პაუერი, ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში, წარდგენილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელად.

სენატში დამტკიცების შემთხვევაში, პაუერი უცხოეთის ქვეყნებში ამერიკის ჰუმანიტარული დახმარების და განვითარების პროგრამებს უხელმძღვანელებს. სააგენტოს წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 20 მილიარდი დოლარია.

ჯო ბაიდენი ამბობს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ახალი ფუნქციაც დაემატება. მას დაევალება კორონავირუსთან ბრძოლაში ამერიკის გლობალურ ინიციატივათა კოორდინაცია და პანდემიასთან მიმართებაში, ყველაზე სუსტი ქვეყნების დახმარება.

ბაიდენის თქმით, სამანტა პაუერი "მორალური სიცხადით" და "სინდისიერებით" გამორჩეული, მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ხმაა. ის გაეროში ამერიკის ელჩად ოთხი წლის მანძილზე 2013-17 წლებში მსახურობდა. მანამდე, 2003 წელს, სამანტა პაუერმა ფულიცერის საპატიო ჯილდო აიღო წიგნისთვის: "პრობლემა ჯოჯოხეთიდან - ამერიკა გენოციდის საუკუნეში". წიგნის თემაა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის პასუხი გენოციდზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG