ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა მომავალი კაბინეტის რამდენიმე წევრი დაასახელა


შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგარეო ურთიერთობებში თავისი უახლოესი მრჩეველი ენტონი ბლინკენი, საკუთარი ახალი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნად შეარჩია. როგორც ჩანს, შეერთებული შტატების არჩევნებში სავარაუდო გამარჯვებული ემზადება ამერიკა დააბრუნოს გლობალური ალიანსების იმ წყებაში, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიატოვა.



58 წლის ბლინკენი შეერთებული შტატების საგარეო საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების სფეროში ვეტერანია. ის ამ როლში ორი ათეული წლის განმავლობაში იყო და არაერთი საინფორმაციო წყაროს თანახმად, ეთანხმება ბაიდენს, რომ შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს საქმეებში კვლავ წამყვანი როლი უნდა ითამაშოს. ეს შეცვლის ტრამპის კრედოს: “ამერიკა უპირველეს ყოვლისა”, რომელიც ხანდახან შეერთებულ შტატებს თავის ძველ დასავლელ მოკავშირეებთან უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა.



20 იანვარს ინაუგურაციის შემდეგ, თეთრ სახლში შესვლიდან პირველ დღეებში, ბაიდენი გეგმავს გააუქმოს ტრამპის პოლიტიკა და დაუბრუნდეს პარიზის კლიმატის შეთანხმებას, შეაჩეროს შეერთებული შტატების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლა და შეეცადოს კვლავ შეუერთდეს სხვა ქვეყნებს საერთაშორისო შეთანხმებაში, რომელიც ირანის მიერ ბირთვული შეიარაღების შემუშავების შეზღუდვას ითვალისწინებს.

ბლინკენი პირველად ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში მუშაობდა. მოგვიანებით, ყოფილ დემოკრატ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში, როდესაც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო, ის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილედ მუშაობდა. იმ დროს, როდესაც ხელისუფლებაში რესპუბლიკელი ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი იყო, ბლინკენი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსად მუშაობდა.
ბლინკენის ნომინაციასთან ერთად, რომელიც სენატმა უნდა დაამტკიცოს, ბაიდენის საქმეთა გადაბარების ოფიციალურმა პირებმა მედიას უთხრეს, რომ მომავალმა ლიდერმა საკვანძო თანამდებობებზე საგარეო პოლიტიკის კიდევ ორი ვეტერანი დაასახელა ჯეიკ სალივანი, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების მრჩეველი და ლინდა თომას-გრინფილდი, როგორც გაეროში შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატი.

სალივანი, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბაიდენის კიდევ ერთი მრჩეველია. თომას-გრინფილდი აფრო-ამერიკელი - საგარეო საქმეთა სამსახურის ყოფილი კარიერული თანამშრომელია და შესაძლოა ახალ ადმინისტრაციაში ყველაზე მაღალი პროფილის დიპლომატიური თანამდებობა დაიკავოს.

ბაიდენის კაბინეტის დონის ნომინაციები მაინც ხდება იმის მიუხედავად, რომ ტრამპი ქვეყნის 46-ე პრეზიდენტად მის არჩევას არ აღიარებს.

ორშაბათს, ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტად სავარაუდოდ არჩეული კამალა ჰარისი დელავერის შტატის ქალაქ ვილმინგტონიდან ვირტუალურად დაესწრებიან შეერთებული შტატების ქალაქების მერების კონფერენციას. ეს არაპარტიული ორგანიზაცია, 30 ათასი და მეტი მცხოვრების მქონე 1400-ზე მეტი ქალაქის მერს აერთიანებს.
შეერთებულ შტატებში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან ერთად, კონფერენცია შტატების და ადგილობრივი მთავრობებისთვის მეტ ფედერალურ დახმარებას ითხოვდა, მაგრამ თეთრ სახლსა და კონგრესს შორის მოლაპარაკებები დამუხრუჭდა. ბაიდენმა მოუწოდა დახმარების შესახებ ახალი შეთანხმება თეთრ სახლში მის შესვლამდე შედგეს, მაგრამ დეკემბრის ბოლომდე ამის გატანის პერსპექტივა ბუნდოვანია.

ტრამპი აგრძელებს მტკიცებას, რომ საარჩევნო კოლეგიაში ბაიდენის არაოფიციალური 306-232 უპირატესობის მიუხედავად, არჩევნები მან მოიგო.

არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობის მისაღწევად ტრამპის სასამართლო დავები ჯერ-ჯერობით უნაყოფოა, მაგრამ იურიდიული დამარცხებების მიუხედავად ტრამპმა უარი თქვა საკუთარ ადმინისტრაციას ნება დართოს, ხელისუფლების გადასაბარებლად ბაიდენთან ითანამშრომლოს.

კვირას, ბაიდენის სავარაუდო მომავალმა თეთრი სახლის კანცელარიის უფროსმა რონ კლეინმა საყვედური გამოთქვა საერთო სამსახურების ადმინისტრაციის, ტრამპის მიერ დანიშნული უფროსის, ემილი მერფის მისამართით იმის გამო, რომ ჯერ კიდევ უარს ამბობს გარკვევით დაადგინოს, რომ ბაიდენი არჩევნებში აშკარა გამარჯვებულია და შესაბამისად, მთავრობაზე კონტროლის გადასაცემად ფედერალური დაფინანსება გამოყოს და ბაიდენის თანაშემწეებმა ბევრ სააგენტოში ოფიციალურ პირებთან საუბარი შეძლონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG