ხუთშაბათს, შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იერიში მიიტანა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე. ამის მიზეზია ტრამპის გუნდის მიერ გარდამავალი პერიოდისთვის შერჩეული ტაქტიკა - შეაყოვნოს ძალაუფლების გადაცემის პროცესი.
ეს ბაიდენის გუნდს იმ სამთავრობო რესურსებზე წვდომას უზღუდავს, რაც არჩეული პრეზიდენტისთვის, ჩვეულებრივ, ამ პერიოდში ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ბაიდენის განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მათ არ აქვთ საშუალება ჰქონდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მონაცემები, რათა ჯეროვნად შეფასდეს პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარება და შესაბამისი ნაბიჯები დაიგეგმოს.
"ძნელია იმის განსაზღვრა, თუ როგორ აზროვნებს ეს კაცი" - თქვა ბაიდენმა დონალდ ტრამპის შესახებ. "დარწმუნებული ვარ იცის, რომ [არჩევნები] მას არ მოუგია; ვერც მოიგებს და ჩვენ 20 იანვარს საზეიმო ფიცს დავდებთ. ვერაფრით ვხვდები მის მოტივს. მისი ქმედება უბრალოდ აღმაშფოთებელია" - აცხადებს ამერიკის არჩეული პრეზიდენტი.
ხუთშაბათს ბაიდენი ვიდეოკონფერენციის საშუალებით, 10 შტატის გუბერნატორს ესაუბრა. მათ შორის იყვნენ შტატების როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი ლიდერები. განხილვის მთავარი თემა კოვიდ-19-თან ბრძოლის სტრატეგია და ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის მზარდ ფონზე, შტატების მზაობა იყო.
შეერთებული შტატები ინფიცირების და სიკვდილობის მონაცემებით, კვლავ მსოფლიოს ლიდერად რჩება. ამერიკის შტატების უმეტეს ნაწილში, მადლიერების დღის წინა კვირაში, ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის მონაცემები ისევ ზრდის ტრაექტორიას აჩვენებს. ეს კი საავადმყოფოებზე და მთლიანად ჯანდაცვის სისტემაზე დიდი დატვირთვაა.
ამასთან ერთად, ბაიდენის თმით, ეს ყოველივე "მძიმე, მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს ეკონომიკას". გუბერნატორების ეროვნულ ასოციაციას არჩეულმა პრეზიდენტმა უთხრა: "თქვენ დახმარება გჭირდებათ და მინდა იცოდეთ, რომ მე თეთრ სახლში თქვენი პარტნიორი ვიქნები".
როგორც კი ბაიდენმა დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონიდან ვირტუალურ ფორმატში ჩატარებული შეხვედრა დაასრულა, თეთრ სახლში, კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის ბრიფინგი დაიწყო. ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და გუნდის სხვა წევრებმა ოპტიმიზმით ისაუბრეს იმ ვაქცინებზე, რომლებიც ახალი კორონავირუსით ინფიცირების პრევენციაში დამაიმედებელ შედეგებს აჩვენებს.
"დახმარება გზაშია" - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა. "ცოტაც დაგველოდეთ... გვირაბის ბოლოს სინათლეა" - თქვა ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექს აზარმა.
ექიმმა დებორა ბირქსმა, ჯფუფის კოორდინატორმა კი ამერიკელებს, რომლებიც მომავალ ხუთშაბათს თავის ერთ-ერთ საყვარელ დღესასწაულს, მადლიერების დღეს აღნიშნავენ, "სიფხიზლის გაზრდისკენ" მოუწოდა. მისი თქმით, კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსი დღეს იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე როდესმე.
Facebook Forum