ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების ბრიფინგს დამოუკიდებლად ატარებს


ეროვნული უსაფრთხოების ბრიფინგი. 17 ნოემბერი, 2020.
ეროვნული უსაფრთხოების ბრიფინგი. 17 ნოემბერი, 2020.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ისევ ბლოკავს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გუნდს. ამერიკის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერ ისევ არ აქვს წვდომა ფედერალურ რესურსებზე, როგორც ფინანსურ, ისე ადმინისტრაციულზე, რითაც გარდამავალ პერიოდში, საპრეზიდენტო ძალაუფლების გადაბარების პროცესის უმტკივნეულოდ ჩატარების უზრუნველყოფა ხდება.

ბაიდენი იძულებული გახდა ეროვნული უსაფრთხოების ბრიფინგები არა პოსტებზე მყოფი ოფიციალური პირებისგან, არამედ გამოცდილი სპეციალისტებისგან მიიღოს. სამშაბათს, დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში, ქვეყნის უსაფრთხოების დღევანდელ მოცემულობაზე, არჩეულ პრეზიდენტს ესაუბრნენ სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის უწყების და უსაფრთხოების ექსპერტები.

"კრიტიკული არ ვიქნები, თუ აშკარა ფაქტზე მივუთითებ", თქვა შეხვედრაზე არჩეულმა პრეზიდენტმა. "ყველამ ვიცით, რომ არ მაქვს საშუალება ჩავიბარო ბრიფინგები, რომლებიც ჩვეულებრივ, ამ დროისთვის ინიშნება".

შეერთებულ შტატებში ფედერალურ უწყებას, რომელიც გარდამავალ პერიოდში საპრეზიდენტო ძალაუფლების გადაბარებას უზრუნველყოფს, გენერალური მომსახურების ადმინისტრაცია ჰქვია. მას პრეზიდენტ ტრამპის მიერ დანიშნული, ემილი მერფი ხელმძღვანელობს.

ემილი მერფი, გენერალური მომსახურების ადმინისტრაციის უფროსი
ემილი მერფი, გენერალური მომსახურების ადმინისტრაციის უფროსი

უწყების პრესსპიკერი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები ჯერ ბოლომდე დაზუსტებული არ არის. შესაბამისად, მათი ხელმძღვანელი, ემილი მერფი ხელს არ აწერს დოკუმენტს, რომელმაც გარდამავალი პერიოდისთვის ბაიდენის გუნდი ფედერალური დაფინანსებით, ოფისებით და სხვადასხვა დეპარტამენტის რესურსებზე წვდომით უნდა უზრუნველყოს.

მთავრობის ზოგიერთი ოფიციალური პირი "ამერიკის ხმას" ეუბნება, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია ფედერალურ უწყებებს დართოს ნება, რომ მათ ბაიდენს ეროვნული უსაფრთხოების ბრიფინგები ჩაუტარონ. თუმცა, ეს ბუნებრივია არ ხდება, რადგან პრეზიდენტი "ტვიტერზე" ჯერ კიდევ აცხადებს, რომ არჩევნები მან მოიგო.

პრეზიდენტი ყოველგვარი დოკუმენტური მტკიცებულების გარეშე, გამუდმებით იმეორებს, რომ არჩევნები ბევრ შტატში ტოტალურად გაყალბდა. ტრამპის საარჩევნო კამპანიამ არჩევნებზე მომხდარი წვრილმანი დარღვევების თაობაზე სასამართლოში ბევრი საჩივარი შეიტანა.

რამდენადაც ცნობილია, შტატების, თუ ფედერალური სასამართლოების დონეზე შეტანილი საჩივრების უმეტეს ნაწილს, სვლა არ მიეცა. ის საქმეები კი, რომლებსაც სასამართლოები ჯერ კიდევ განიხილავენ, მოგების შემთხვევაშიც კი, ტრამპს გამარჯვების შანსს არ უტოვებს.


Facebook Forum

XS
SM
MD
LG