ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ადმინისტრაციისგან საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლას მოელიან


არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადებულ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შეეძლება სწრაფად გააუქმოს პრეზიდენტ ტრამპის საიმიგრაციო გადაწყვეტილებების მთელი წყება, რომელთა დიდი ნაწილი, მისი ადმინისტრაციის ყველაზე საკამათო ინიციატივებს განეკუთვნება.

ბაიდენს შეეძლება იგივე მექანიზმის ამოქმედება, რომელიც ტრამპმა მათი დანერგვისას გამოიყენა - საპრეზიდენტო ბრძანებულება, თუმცა სხვა ინიციატივებიცაა, რომელთა გაუქმებას უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდება.



გასული 4 წლის განმავლობაში, ტრამპმა თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების გამოყენებით 400-ზე მეტი რეგულაცია შექმნა. მათ შორის არის ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვები, საიმიგრაციო აღსრულების პრიორიტეტები, თავშესაფრის მინიჭების წესების გადახედვა, სასაზღვრო კედლის მშენებლობის გამოცხადება და ქვეყანაში ლტოლვილთა დასაშვები რაოდენობის შემცირება.

მოსალოდნელია, რომ პირველი 100 დღის განმავლობაში, ბაიდენი გააუქმებს შეზღუდვას, რომელიც გარკვეული ქვეყნების მოქალაქეების შეერთებულ შტატებში შემოსვლას კრძალავს. თავდაპირველად ეს შეზღუდვა ზოგიერთ, მეტწილად მუსლიმური მოსახლეობის ქვეყნებს ეხებოდა, მაგრამ მოგვიანებით სხვა ქვეყნებსაც შეეხო, რომელთაც ვაშინგტონი საფრთხის შემცველად მიიჩნევს.



კიდევ ერთი ცვლილება შეიძლება მოხდეს ე.წ. “დაკას” პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ობამას ადმინისტრაციამ დაიწყო და რომელიც დეპორტაციისგან იცავს მათ, ვინც არასრულწლოვან ასაკში ქვეყანაში უკანონოდ შემოიყვანეს.

ასევე მოელიან, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია დეპორტაციისგან დაიცავს და მუშაობის უფლებას მისცემს ასობით ათას სხვა უკანონო იმიგრანტს, რომელიც ქვეყანაში ბავშვობის ასაკში შემოვიდა. თუმცა, ამ საკითხის საბოლოო მოგვარებისთვის საკანონმდებლო გადაწყვეტილების მიღება იქნება საჭირო.

კიდევ ერთი წესი, რომელსაც ადმინისტრაცია საკანონმდებლო ცვლილების გარეშე ვერ გააუქმებს, ე.წ. “საზოგადოების ტვირთის” წესია, რომელიც განსაზღვრავს, იქნება თუ არა იმიგრანტი ამერიკული საზოგადოებრივი დახმარების სისტემაზე დამოკიდებული. ეს წესი ახალი არაა და უკვე 20 წელია არსებობს, თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია მას თავის წინამორბედებთან შედარებით უფრო აქტიურად იყენებს.



შეერთებული შტატები წლების განმავლობაში ათობით ათას ლტოლვილს იღებდა, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის დროს მათი მიღება სარეკორდოდ დაბალ დონემდე შემცირდა. მოსალოდნელია, რომ 2021 საფინანსო წლისთვის, ბაიდენი ლტოლვილების მიღების კვოტას გაზრდის. ტრამპის ადმინისტრაციამ ის 15 ათასით განსაზღვრა, ბაიდენმა კი პირობა დადო, რომ ლტოლვილების დაშვების ზღვარს 125 ათასამდე გაზრდის.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაცვლელად ყველაზე რთული, ე.წ. “მიგრანტთა დაცვის პროტოკოლი” იქნება, რომელსაც ასევე “მექსიკაში დარჩენის წესსაც” უწოდებენ. ათასობით მიგრანტი იძულებულია მექსიკის სასაზღვრო ქალაქებში დარჩეს, სანამ შეერთებული შტატების საიმიგრაციო სასამართლო მათ საქმეს განიხილავს.

ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე შეზღუდა თავშესაფრის მინიჭება მათთვის, ვინც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან გამოემგზავრა და შეერთებული შტატების საზღვართან მისვლამდე, ტრანზიტის ქვეყნებში დაცვა არ მოითხოვა. ტრამპის ადმინისტრაციამ ეს წესი, მიგრანტთა დაკავების ადგილების გადატვირთვის თავიდან აცილების საჭიროებით გაამართლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG