უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღებს კიდევ 400 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას, მათ შორის - საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის 4 სისტემა "ავენჯერს" და მისთვის განკუთვნილ "სტინგერის" რაკეტებს. უკრაინას ასევე გადაეცემა რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის "ჰაუკი"; დამატებითი საბრძოლო მასალები მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის "ჰაიმარსი"; 21 000 ცალი 155-მილიმეტრიანი ჭურვი; ამავე კალიბრის მაღალი სიზუსტის 500 ჭურვი; 100 საბრძოლო მანქანა; 400 ნაღმმტყორცნი, 20 მილიონი ტყვია; სხვა საბრძოლო მასალები და ტექნიკა.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი წერს, რომ 2021 წლის აგვისტოდან დღემდე ეს უკრაინისთვის ამერიკის შეერთებული შტატებისგან გაგზავნილი 25-ე დახმარებაა.
"ვიდრე უკრაინის დამცველები რუსეთის ძალებს უკან ახევინებენ, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას" - წერს ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".
ამერიკის მორიგ დახმარების პაკეტს "ტვიტერზე" უკრაინის თავდაცვის მინისტრიც ეხმაურება. ოლექსი რეზნიკოვი წერს, რომ თანამედროვე აღჭურვილობის დახმარებით, უკრაინის მოწინავე არმია დაამარცხებს "საბჭოთა ჯართს, მკვლელებს, მოძალადეებს და მაროდიორებს".
უკრაინის თავდაცვის მინისტრი დახმარებისთვის მადლობას უხდის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრს და ამერიკელ ხალხს.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 18.6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება. დახმარების სრული რაოდენობა კი 52 მილიარდს აჭარბებს.
Facebook Forum