ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკან იხევს, მაგრამ ხერსონის სტატუსს არ ცვლის


დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესსპიკერი
დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესსპიკერი

კრემლმა 11 ნოემბერს პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებს ხერსონში დარჩენილი ქვედანაყოფები ბოლომდე გაჰყავთ და მდინარე დნიპროს მეორე ნაპირზე გადადიან. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა პარასკევს თქვა, რომ ეს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაა და ამასთან დაკავშირებით, მას "არაფერი აქვს დასამატებელი".

პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ ხერსონის რეგიონის სტატუსი, უკანდახევის მიუხედავად, არ შეიცვლება და ის კვლავ რუსეთის ნაწილი იქნება. "ის რუსეთის ფედერაციის სუბიექტია", რაც "კანონითაა განსაზღვრული" - თქვა დღეს პესკოვმა. კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთი ერთგული რჩება უკრაინაში მიმდინარე "სპეციალური სამხედრო ოპერაციის", რომლის დასრულებაც "მხოლოდ საბოლოო მიზნების მიღწევის შემდეგაა შესაძლებელი". რუსეთის მიერ უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული მასშტაბური საომარი მოქმედებების მიუხედავად, კრემლი ამ ომს კვლავ სპეცოპერაციას უწოდებს.

სექტემბერში გამართული ყალბი რეფერენდუმის შემდეგ, რომელსაც დასავლეთი და საერთაშორისო კანონმდებლობა არ ცნობს, რუსეთმა უკრაინის 4 რეგიონის, მათ შორის ხერსონის ანექსია გამოაცხადა. ხერსონის რეგიონს რუსეთი ბოლომდე ვერც ანექსიის მცდელობის დროს აკონტროლებდა. მაგრამ, ოთხშაბათს დაწყებული მასშტაბური უკანდახევის შემდეგ, თავად რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინის ამ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონულ დედაქალაქს ტოვებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG