ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციის განცხადებით, პეკინი ლიეტუვიდან საქონლის ხორცის იმპორტს მიმდინარე კვირიდან აჩერებს. მიმომხილველთა ნაწილი ამის მიზეზად, ბალტიისპირეთის ქვეყნის ტაივანთან მზარდ სავაჭრო ურთიერთობას განიხილავს, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
თუმცა, ოფიციალური პეკინი, გადაწყვეტილების მიზეზებს არ განმარტავს. როგორც წესი, სააგენტო ხორცის იმპორტს მაშინ აჩერებს, როცა ექსპორტიორ ქვეყანაში, პირუტყვებში რაიმე ტიპის დაავადების გავრცელების შესახებ აცხადებენ. თუმცა, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, ლიეტუვის მიერ წარდგენილი ასეთი სახის განცხადება არ შესულა.
ევროკომისიის განცხადებით, 2021 წლის დეკემბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ლიეტუვის ექსპორტი 91%-ით შემცირდა.
ლიეტუვის ვეტერინალური სააგენტო აცხადებს, რომ ქვეყანას ჩინეთში საკვები პროდუქტების, მათ შორის საქონლის ხორცის ექსპორტი, 2021 წლის დეკმებრის შემდეგ არ განუხორციელებია. სააგენტო სხვა დეტალებზე არ საუბრობს.
სააგენტოს მიერ, „როიტერისთვის“ მიცემული განმარტების მიხედვით, 2021 წელს, ლიეტუვამ ჩინეთში 853 ტონა საქონლის ხორცი გაიტანა, რაც მისი საქონლის ხორცის ექსპორტის მეოთხედია. ლიეტუვა ჩინეთში ასევე ახორციელებდა რძის და ზღვის პროდუქტების ექსპორტს.
ამ მოვლენებს წინ უსწრებდა ვილნიუსის გადაწყვეტილება, ტაივანისთვის დე ფაქტო საელჩოს გახსნის უფლების მინიჭების შესახებ. ლიეტუვის გადაწყვეტილება პეკინისთვის მიუღებელია, რადგან დემოკრატიულად მართულ კუნძულს პეკინიმსაკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
ჩინეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ლიეტვუამ საკუთარი ჩედომები უნდა გამოასწოროს.
„ლიეტვუამ თვალი უნდა გაუსწოროს ფაქტებს, გამოასწოროს საკუთარი შეცდომები და დაუბრუნდეს ერთიანი ჩინეთის პრინციპის დაცვის სწორ გზას, ნაცვლად იმისა, რომ აერიოს სწორი და არასწორი“ - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.
ტაივანი ჩინეთის ნაბიჯებს, ლიეტვუის საგარეო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად აფასებს. „ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ლიეტუვასთან ერთად“ - განაცხადა ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.