ამერიკულ ავიამზიდთა ორი ჯგუფი, წრთვნების გასამართად, სამხრეთ ჩინეთის სადავო ზღვაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
ტაივანის ცნობით, ჩინეთი კვლავ შეიჭრა ზღვის საჰაერო სივრცეში, მათ შორის, ახალი ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებით.
სამხრეთ ჩინეთის ზღვა და თვითმმართველი ტაივანი ჩინეთის ყველაზე მგრძნობიარე ორი ტერიტორიული საკითხია. ეს თემა ასევე ხშირი დაძაბულობის მიზეზია, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ორმა მოიერიშე ჯგუფმა, მათი ფლაგმანი საბრძოლო გემების კარლ ვინსოსნისა და აბრაამ ლინკოლნის ხელმძღვანელობით, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ოპერაციები კვირას დაიწყო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გადამზიდავი ჯგუფები ჩაატარებენ წვრთნებს, მათ შორის, წყალქვეშა საბრძოლო ოპერაციებს, საჰაერო საომარ ოპერაციებს და საზღვაო ჩახშობის ოპერაციებს საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად.
სწავლება საერთაშორისო წყლებში, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ჩატარდება, აცხადებს თავდაცვის დეპარტამენტი დამატებითი დეტალების დასახელების გარეშე.
„მსგავსი ოპერაციები საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ საბრძოლო შესაძლებლობები; დავარწმუნოთ ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები და ვაჩვენოთ ჩვენი, როგორც საზღვაო ძალების მტკიცე გადაწყვეტილება, რეგიონული სტაბილურობისა და მავნე გავლენის წინააღმდეგ“, აცხადებს კონტრადმირალი ჯეი. თი. ანდერსონი.
ტაივანის მიერ, სამხრეთ ჩინეთის ზღვის ზონაში, ჩინური თვითმფრინავების გამოჩენის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე პეკინს ოფიციალური საპასუხო განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. თუმცა, მანამდე ჩინეთი აცხადებდა, რომ ასეთი მისიები მიზნად ისახავს მისი სუვერენიტეტის დაცვას და გარე ჩარევის თავიდან აცილებას.
ტაივანი ჩინეთის აქტივობებს „ნაცრისფერი ზონის“ ომს უწოდებს, რომელიც მიზნად ისახავს ტაივანის ძალების „დათრგუნვას“ და მისი მზადყოფნის შემოწმებას.
სამხრეთ ჩინეთის ზღვას სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანსპორტო ხაზები კვეთს. ის ასევე მოიცავს გაზის საბადოებს და მდიდარ სათევზაო ზონებს. ტაივანთან ერთად, ზღვის ნაწილებზე პრეტენზიებს ასევე აცხადებს ვიეტნამი, მალაიზია, ბრუნეი და ფილიპინები.