ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაუმარჯოს უკრაინას! გაუმარჯოს საქართველოს! - უკრაინის საელჩო თბილისის აქციაზე


თბილისში, უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართა, 2022 წლის, 23 იანვარი
თბილისში, უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართა, 2022 წლის, 23 იანვარი

თბილისში, უკრაინის საელჩოსთან გაიმართა სოლიდარობის აქცია, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ნიშნად და რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ.

უკრაინის საელჩოსთან მივიდნენ საზოგადოებრივი ჯგუფები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, აქტივისტები, საჯარო პირები.

საქართველოს მოქალაქეების გარდა, აქციაში მონაწილეობდნენ ასევე უკრაინის მოქალაქეები. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქართველი ხალხის მიმართ მადლიერება გამოხატა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა.

„რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში დღეს მნიშვნელოვანია თითოეული უკრაინელის, თითოეული ქართველის, უკრაინის თითოეული მხარდამჭერის ხმა. ძვირფასო ქართველებო, უკრაინა განსაკუთრებით მადლიერია ქართველი ხალხის, თქვენი სოლიდარობისთვის. დღეს თქვენი მოსვლა და ყოფნა აქ [უკრაინის საელჩოსთან] დემონსტრირებაა ქართველი ხალხის შეუქცევადი ერთგულებისა უკრაინელი ხალხის მისამართით... საქართველოს გაუმარჯოს! უკრაინას გაუმარჯოს!“, აღნიშნა კასიანოვმა.

მანამდე, 21 იანვარს, მოძრაობამ „სირცხვილია" ღია წერილით მიმართავს საქართველოში უკრაინის ელჩსა და საელჩოს თანამშრომლებს.

აქციის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არასაკმარის მხარდაჭერას გამოხატავს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, უკრაინის მისამართით, რომელიც ახლა რუსეთის მხრიდან მორიგი სამხედრო თავდასხმის რეალური საფრთხის წინაშე დგას.

აქციის მონაწილეები იხსენებდნენ 2008 წლის ომის დღეებს, როდესაც უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ლიდერებთან ერთად, თბილისში სოცოცხლის რისკის ფასად ჩამოვიდა.

რუსეთს უკრაინის საზღვრებთან კონცენტრირებული ჰყავს 100 ათასზე მეტი სამხედრო და მძიმე ტექნიკა.

სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთმა უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს. მოსკოვი უარყოფს უკრაინასთან ომის დაწყების გეგმას. ჯერჯერობით უშედეგოა მრავალეტაპიანი დიალოგი დასავლეთსა და რუსეთს შორის.

XS
SM
MD
LG