რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე და უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალის მობილიზებას აგრძელებს. მაღალი დონის დიპლომატიური შეხვედრების მიუხედავად, რომელსაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხელმძღვანელობდა, დაძაბულობის განსატვირთად გამოსავალი ჯერ არ ჩანს. მხარეები დიპლომატიური მოლაპარაკების გაგრძელების საჭიროებაზე შეთანხმდნენ.
ადმინისტრაციის რუსეთთან მოლაპარაკების პარალელურად, მიმდინარე კვირას კიევში ამერიკის ექვსი სენატორისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი იმყოფებოდა. კიევიდან დაბრუნების შემდეგ, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ორპარტიული დელეგაციის მიზანი იმის მკაფიოდ განცხადება იყო, რომ „საჭიროა გადამწყვეტი მოქმედება რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად“.
„ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე თუ როგორ შეიძლება საქართველომ თავი გაართვას მიმდინარე კრიზისის უარყოფით გავლენას ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სენატორმა შაჰინმა თქვა, რომ ქვეყანამ ეს მომენტი გასაერთიანებლად უნდა გამოიყენოს საკუთარი ხალხის კეთილდღეობისთვის. „რუსეთის აგრესიის დიდი ნაწილი კონცენტრირებულია უკრაინაზე, მაგრამ მისი მავნე საქმიანობა, რომელიც უთანხმოებისა და განხეთქილების დათესვას ემსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი ქვეყნით. ჩვენ ვნახეთ პუტინის საშიში ქცევა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, საქართველოში. რუსეთის მხრიდან განახლებული აგრესიის ფონზე, ჩვენს არსენალში უდიდესი რამ ის არის, რომ პუტინს გამარჯვებაზე უარი ვუთხრათ ეროვნული ერთიანობის შენარჩუნებით როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. მე მოვუწოდებ ორივე ქვეყანას, გვერდზე გადადონ თავიანთი პარტიული უთანხმოება და გამოიყენონ ეს მომენტი და გააერთიანონ თავიანთი ქვეყნები საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ“, თქვა სენატორმა შაჰინმა.
კიევიდან დაბრუნების შემდეგ სენატორები ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდნენ, რომლის თანახმადაც უკრაინას და ამერიკის პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც რუსული აგრესიის მსხვერპლი არიან, შეერთებული შტატებისგან შეიარაღების ყიდვა გაუადვილდებათ რუსეთიდან აგრესიის განმავლობაში. სენატორი შაჰინის თქმით, ის შეუერთდა „ორპარტიულ კანონპრეოქტს, რომელიც იმას უზრუნველყოფს, რომ ამერიკამ კრიზისის გამწვავების შემთხვევაში უკრაინას კრიტიკული თავდაცვითი შესაძლებლობები სწრაფად მიაწოდოს“.
ვიზიტის რესპუბლიკელმა თანაორგანიზატორმა, სენატორმა რობ პორტმანმა თქვა, რომ „ვლადიმირ პუტინმა და რუსეთმა უნდა იცოდნენ, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ფიზიკური შეჭრის შემთხვევაში რუსეთისთვის შედეგები დამანგრეველი იქნება“.
ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და დიალოგის ცენტრში ახლა უკრაინაა, სადაც რუსეთის მომდევნო ნაბიჯებს მრავალმხრივი გავლენა ექნება დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებულ როგორც ენერგო, ასევე პოლიტიკურ და სამხედრო ასპექტებზე.