ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტობის ერთი წელი - ბაიდენმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა


წლის პირველი პრესკონფერენცია - ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტის დაკავებიდან გასული ერთი წელი შეაფასა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ოთხშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრა იყო.

ბაიდენმა თქვა, რომ მისი აზრით ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს. მაგრამ განმარტა, რომ ამ ნაბიჯს მისთვის უმკაცრესი საფასური მოჰყვება. "სანქციები, რომლის მსგავსი მას არასდროს უნდახავს, და რომელსაც გპირდებით, რომ დავაწესებთ თუ კი ის ამ ნაბიჯს გადადგამს". პრეზიდენტის თქმით, ის შიშობს, რომ ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს და მოსკოვსა და უკრაინის მოსაზღვრე ნატოს წევრ ქვეყნებს შორის კონფრონტაციის საფრთხე შეიქმნას.

"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ოთხშაბათს, კიევში მყოფმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთისთვის მისი შემდგომი აგრესიის საფასურის შესახებ ცნობილია.

"ჩვენ ნათელი გავხადეთ, რომ თუკი რუსეთი აირჩევს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელების გზას, არა მხოლოდ ჩვენ, ამერიკა, არამედ ბევრი ქვეყანა ევროპაში და მის ფარგლებს მიღმაც ვუპასუხებთ ძლიერად და გადაჭრით", - თქვა ბლინკენმა უკრაინელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

ანალიტიკოსთა ნაწილი სანქციებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა ეჭვობს, რომ ეს ზომები პუტინის ნაბიჯებს და გათვლებს არ შეცვლის. ექსპერტების ნაწილის აზრით, პრეზიდენტმა ნატოს შიგნით განსხვავებული აზრების შესახებ ზედმეტად ღიად ისაუბრა.

ბაიდენმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ არ იცის, ვლადიმირ პუტინი გადაწყვეტს თუ არა უკრაინაში შეჭრას და დიპლომატიური გამოსავლის საჭიროებასაც არაერთხელ გაუსვა ხაზი და თქვა, რომ იმედოვნებს, კრემლს ესმის, ვლადიმირ პუტინს მსოფლიოში დომინანტური პოზიციების შესრულება არ შეუძლია.

პრეზიდენტმა ირანის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ადმინისტრაცია აგრძელებს მოლაპარაკებებს ბირთვული შეთანხმების განახლების თაობაზე. რაც შეეხება ჩინეთს, თქვა, რომ მისი აზრით, ეს არ იყო კარგი დრო ტრამპის ადმინოსტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების მოსახსნელად.

პრეზიდენტობის ერთი წლისთავზე ბაიდენი ჟურნალისტების შეკითხვებს თითქმის 2 საათის განმავლობაში პასუხობდა. მათი უმრავლესობა შიდა პოლიტიკას შეეხებოდა, მათ შორის ინფლაციას, ეკონომიკური აღდგენის ტემპებს, ჯანდაცვის პროტოკოლების დამაბნეველ ცვლილებებს და კოვიდ-19-თან ბრძოლის მეთოდებს. ეს 2022 წელს პრეზიდენტის პირველი, პოსტის დაკავების შემდეგ კი მეცხრე პრეს-კონფერენცია იყო.

ბაიდენს რამდენჯერმე დასჭირდა იმის თქმაც, რომ მას ზედმეტად ამბიციური პირობები არ გაუცია და ის შეძლებს წინასაარჩევნო კამპანიისას დასახული გეგმების შესრულებას, რადგან უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. თუმცა რესპუბლიკელი კანონმდებლები ამ პროგრესის შეფერხებაშიც დაადანაშაულა.

თუმცა პრეზიდენტ ბაიდენის რეიტინგები ავღანეთიდან შეერთებული შტატების ქაოტური გამოსვლის შემდეგ, შემცირებულია. იანვრის შუა რიცხვებში ეროვნულ გამოკითხვებში მის საქმიანობას 45 % იწონებდა.

XS
SM
MD
LG