ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ვმუშაობთ რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავებაზე,“- ბლინკენი გერმანიაში გაემგზავრა


ამერიკის სახელმწიფო მდივანი კიევის შემდეგ ბერლინში იმყოფება და პარტნიორებთან შეხვედრას მართავს.

შეხვედრის მიზანია შემუშავდეს ერთიანი პოზიცია იმ შემთხვევისთვის, როცა უკრაინაზე რუსული აგრესია განხორციელდება. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ რუსეთი უკრაინას „ძალიან მოკლე დროში“ დაესხმება თავს.

ამ დროისთვის, შეხვედრა იმართება გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ამერიკის სახელმწიფო მდივანი უკვე შეხვდა პირისპირ გერმანელ კოლეგას.

ენტონი ბლინკენმა გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ლავროვთან შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა.

„ეს კარგი შესაძლებლობაა. ჩვენ გასულ კვირას ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები გვქონდა. მას შემდეგ დრო გავიდა, რუსეთს ჰქონდა საშუალება გაეანალიზებინა ჩვენი პოზიციები, ჩვენ გვქონდა საშუალება პარტნიორებთან შეგვეჯერებინა ჩვენი მოსაზრებები. ჩვენი პოზიცია ერთიანი და ნათელია. ახლა ბატონ პუტინზეა დამოკიდებული რომელ გზას აირჩევს. ერთი არის დიპლომატიური გზა, რასაც ჩვენ მათ ვთავაზობთ, ან მეორე-უკრაინაში შეჭრის გზა, რაზეც რუსეთმა ჩვენი პოზიცია მკაფიოდ იცის,“- განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟენევაში შეხვდება. ლავროვისა და ბლინკენის შეხვედრა 21 იანვარს არის დაგეგმილი.

ბერლინში ამერიკის სახელმწიფო მდივანი უკრაინიდან ჩავიდა. გამგზავრებამდე კი "ტვიტერში" განცხადება გამოაქვეყნა.

„დავასრულე პროდუქტიული მოგზაურობა უკრაინაში, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურე ამერიკის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეერთებული შტატები მზად არის გააძლიეროს ურთიერთობები უკრაინასთან, რადგან ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავებაზე. შემდეგი გაჩერება ბერლინია,“- წერია “ტვიტერზე” გავრცელებულ განცხადებაში.

დასავლეთში თანხმდებიან, რომ თუ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, ამოქმედდეს მძლავრი ეკონომიკური სანქციები. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, „ისეთი, როგორსაც პუტინი ვერ წარმოიდგენს“.

ამ დროისთვის, ვაშინგტონი და ბრიუსელი დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. რუსეთი კი უკრაინის საზღვრებთან სამხედროების რაოდენობას და შეიარაღებას ზრდის. ამ დროისთვის, უკვე რუსეთს 127 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული უკრაინასთან. შეიარაღებას კრემლი ზრდის ბელარუსშიც, სადაც ამ დროისთვის გაურვკეველი რაოდენობის ჯარი და სამხედრო ტექნიკა გადაისროლა.

19 იანვარს პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, რაზეც დასავლეთის პასუხი იქნება მკაცრი და ერთიანი. „არ ვიცი ის რას აპირებს, ჩემი ვარაუდით ის გადავა შეტევაზე. მან რაღაც უნდა გააკეთოს,“- თქვა ბაიდენმა.

კრემლი ამ დრომდე უარყოფს რომ უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG