აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკითან შეხვედრისას თქვა, რომ არსებობს დიპლომატიის გამოყენების „მკაფიო სურვილი“ რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ კონფლიქტის დეესკალაციისთვის, მაგრამ თუ რუსეთი განაახლებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ ამას მისთვის "ძალიან მძიმე შედეგები" ექნება.
„უკრაინის საზღვრებთან დღეს, დაახლოებით, 100 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული და ამ თვალსაზრისით უკრაინის წინააღმდეგ საფრთხე უპრეცედენტოა“, თქვა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივნის კიევში ვიზიტის განმავლობაში "ამერიკის ხმის" აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს უფროსმა მიროსლავა ღონღაძემ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დასძინა, რომ „მხოლოდ უკრაინელების და სხვა არავის გადასაწყვეტია საკუთარი მომავალი და ამ ქვეყნის მომავალი“.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბლინკენს და ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის გამო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ თვეში უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის დამატებითი თავდაცვითი დახმარების გაწევა დაამტკიცა.