20 იანვარს ერთი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტი გახდა და თეთრი სახლი დაიკავა. დღეს, პრეზიდენტი ბაიდენი სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც გასული წლის მოვლენების შეჯამებასთან ერთად, ისაუბრებს ორ მთავარ საკითხზე: კოვიდ-19-ის პანდემიაზე, რომელიც თითქმის ორი წლის შემდეგ ჯერ კიდევ არყევს მსოფლიოს და იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელთა დამტკიცება კონგრესში აქამდე ვერ ხერხდება. .
ერთი წლის შემდეგ, ბაიდენის რეიტინგი უფრო დაბალია, ვიდრე პრეზიდენტობის პირველ თვეებში. დღეს, პრეზიდენტ ბაიდენის რეიტინგი დაახლოებით 40%-ზე მერყეობს. პოპულარობის ერთ-ერთი ბოლო მაჩვენებელი, რომელიც კვინიპიაკის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა, მხოლოდ 33% იყო.
ბაიდენის პოპულარობის მაჩვენებლის სტაბილური ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ სექტემბერში ვაშინგტონმა ავღანეთიდან ამერიკული ძალები გამოიყვანა. პროცესი უმეტესად, ქაოტურად და ცუდად ორგანიზებულად ითვლება.
პრეზიდენტის პოპულარობაზე გავლენა პანდემიის მართვამაც იქონია. ვაქცინაციის აქტიური კამპანიის მიუხედავად, რომელსაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან ეწეოდა, კოვიდ-19-ის პანდემია მარტში მესამე წლის ათვლას დაიწყებს. ბაიდენის ჯანდაცვის გუნდს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მათ კარგად ვერ გათვალეს ახალი ვარიანტების გამოჩენის ალბათობა და ამისთვის სათანადოდ არ მოემზადნენ.
დღეისთვის დაგეგმილი პრესკონფერენცია ბაიდენის პრეზიდენტობის მანძილზე მხოლოდ რიგით მე-10 იქნება. ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მისი წინამორბედების გამართული პრესკონფერენციები.