რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კვლავ ასახელებენ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობებს. ამის შესახებ უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "რადიო თავისუფლება" იუწყება.
„არაერთხელ აღვნიშნეთ [აკრძალვის] გაუქმების პირობები, ის კარგადაა ცნობილი საქართველოს მხარისთვის. საუბარია საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაზე, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტასა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ საფრთხის გაქრობაზე. არ შეგვიძლია სანიტარულ- ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის უგულებელყოფაც. რუსეთი იძულებული იყო შემოეღო ხსენებული შეზღუდვები ქართველი რადიკალების ცნობილ პროვოკაციაზე რეაგირებისთვის“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებლობაზეც მიუთითებს.
„ჩვენ ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების მიზნების ერთგული - ეს ყველაფერი ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებშია. თუმცა, ასეთი პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. ვიმედოვნებთ საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან გაკვეთილებს გამოიტანს და რუსეთთან მიმართებით მეტად გაწონასწორებულ პოლიტიკას აწარმოებს", ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2020 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს. რუსეთმა ავიამიმოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.
2021 წლის აპრილში, როცა თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა კრემლის პროპაგანდისტად მიჩნეული ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისევ განაცხადეს, რომ საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის სახიფათო ქვეყანაა.